19 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
"როგორც ჩანს, ლევან ჯიბღაშვილს აქვს რაღაც პრივილეგიები" - "გირჩი" და სამოქალაქო აქტივისტები საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვენ

გასაიდუმლოებული დეტალები და თითქმის უპრეცენდენტო საქმე - მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასა და გირაოთი გათავისუფლებაში პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები კითხვის ნიშნებს ხედავენ. 

მათი თქმით, უპრეცენდენტოა საქმე, როცა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, პროკურატურის შუამდგომლობით 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ორ დღეში გაათავისუფლეს.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" და სამოქალაქო აქტივისტები, ლევან ჯიბღაშვილის საქმის დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.

მათ აინტერესებთ, კონკრეტულად რა ნივთიერება და რა დოზები აღმოაჩინეს დაკავებულის მანქანაში და რატომ არ მოითხოვა საგამოძიებო უწყებამ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, როცა სხვა მსგავს შემთხევებში, დაკავება მინიმუმ ორთვიანი წინასწარი პატიმრობით სრულდება. პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, შერჩევით სამართალზე საუბრობენ.

"აქამდე არ ყოფილა არცერთი პრეცენდენტი, როდესაც მსგავს საქმეზე შს სამინსიტროს დაემალოს, რა ნივთიერებაზე იყო საუბარი. კითხვებს აჩენს ის, რომ ეს ადამიანი გამოუშვეს გირაოთი, თან ძალიან პატარა გირაოთი. ხომ არ გვაქვს საქმე შერჩევით სამართალთან?! არ ვიცით, რა სუბსტანციაზეა საუბარი, მაგრამ ნებისმიერ სხვა ნარკოტიკზე, ძალიან პატარა დოზებზეც კი წინასწარ პატიმრობაში უშვებენ ორი თვით. კითხვის ნიშნებს ის აჩენს, რომ ცნობილი არის, ასე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავების დროს, ეს ადამიანი, ვიღაც მაღალჩინოსან ითხოვდა, რომ იმას დაურეკეთო, როგორც ჩანს ჰყავს ვიღაცა მფარველი,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებით, კი ჯიბღაშვილიც იმ არასწორი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუმცა, მისი საქმიდან ჩანს, რომ მსახიობი და ბიზნესმენი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ხელისუფლება არსებულ ნარკოპოლიტიკას არასასურველი პირების მიმართ დევნისთვის იყენებს. 

"ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მას სახელმწიფო იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, სადაც სჭირდება. როგორც ჩანს, ლევან ჯიბღაშვილს აქვს რაღაც პრივილეგიები, როგორც გაირკვა ის შს მინისტრის მოადგილის მეგობარიც არის და ყვიროდა კიდეც დაკავების მომენტში "კახას დაურეკეთ, კახას დაურეკეთო."

​"გამოძიება უჩვეულოდ დუმს, არ გვეუბნება რა ნარკოტიკია, რაოდენობაა, ზუსტად რა ვითარებაა დ არას ეხება საქმე, ჯამში უნდა ვთქვათ,რომ უსამართლო ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია ეს ადამიანი, მაგრამ მეორეს მხრივ, საინტერესოა რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც ხოტბას ასხამდა მინისტრს გახარიას, რომ ის შევარდა კლუბებში და მოაწყო რეიდები,"-ამბობს სუბელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები