20 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
იმედგაცრუებული ვიყავით ბოლო კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სასამართლო რეფორმის კანონზე საუბრობს

სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვართ - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გააკეთა.

ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. როს უილსონი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია და აუცილებელია უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ მოსამართლეებით, ვისაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება.

„საქართველოს შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მრავალი წელია პრიორიტეტულად მიგვაჩნია სასამართლო რეფორმა, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მოსახლეობის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უზრუნველყოფილი იყოს.

გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვიყავით ბოლო კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

როგორც ჩანს სათანადოდ არ არის გათვალისწინებული შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„იმედი გვაქვს ამ რეკომენდაციებს განიხილავენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს გამჭვირვალედ მოსამართლეთა დასახლების დროს. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტიც სრულად შეასრულებს ნაკისრ პასუხისმგებლობას და წარდგენილ კანდიდატებს გამჭვირვალედ და კრიტიკული თვალითაც განიხილავს.

ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს უზენაესი სასამართლოს ისეთი მოსამართლეები, როგორებიც სჭირდება დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის,”-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს იულსონმა.

დღის ამბები