25 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
პანკისში დაცვის პოლიცია ჩადგება, ხეობის მოსახლეობა კი საგანგებო თათბირზე სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ადგილზე დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო. სოფელ ძიბახევის ტერიტორია, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და იქ 50-მდე პოლიციელი იმყოფება. ადგილზე დგამენ დროებითი განთავსების პუნქტებს, სადაც დაცვის პოლიცია ჩადგება.

ადგილობრივები კი სოფელ ჯოყოლოში იკრიბებიან, რათა მათი თქმით, სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

„ხალხის აზრია, რომ რა არის აქ დასაცავი? ჯერ ჯერობით გაურკვევლობაა ხეობაშიც, ხალხშიც, თუმცა არ მგონია საგანგაშო რამე იყოს,“-ამბობს ”სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” გამგეობის წევრი სულხან ბორძიკაშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყებისგან განმარტებები არ მიუღიათ, შესაბამისად არ იციან, რატომ უნდა ჩადგნენ დაცვის პოლიციელები ხეობაში.

მათი თქმით, დასმულ კითხვაზე, რატომ ჩადგეს ჯიხურები სოფელ ძიბახევში მათ უპასუხეს, რომ სკვერის გაშენებას აპირებენ.

„კურიერის“ კითხვებს არ პასუხობს შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ზურაბ ბერიკაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის რა მიზნით იმყოფება 50-მდე დაცვის პოლიციის თანამშრომელი სოფელ ძიბახევში.

პანკისელები ამბობენ, რომ მათთვის სამართალდამცველებთან დაპირისპირების ის ფორმა, რასაც კვირას ჰქონდა ადგილი, მიუღებელია, თუმცა, თუ პოლიცია ინციდენტში მონაწილეების დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს.

მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ყველა ის ადამიანი ვინც, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდეს, რადგან მათთვის რომელიმე თანასოფლელის გამორჩევა და დაკავება მიუღებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ რაც ხეობაში კვირას მოხდა, სადამსჯელო ღონისძიება იყო.

დღის ამბები