20 მაისი 2019,   09:36
ვრცლად
მშობიარობა საკეისრო კვეთით - ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს 

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია საკეისრო კვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებით, 2016 წელს ამოქმედებული კანონის გაუქმებას ითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სამშობიარო სახლებს საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარება შეეზღუდათ, კლინიკები და ექიმები რთულ პირობებში აღმოჩნდნენ.

ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ შეზღუდვის ამოქმედებამ სტატისტიკა ვერ შეცვალა, საკეისრო კვეთები მაინც ტარდება და მედიკოსები დიდი თანხებით ჯარიმდებიან.

„ამ კანონის შემდეგ საკეისროების რაოდენობა არ შემცირებულა, უბრალოდ გადანაწილდა კლინიკებში საკეისროების რაოდენობა. გადანაწილებამ რა გამოიწვია, რომ ორსული, როდესაც ერთ კლინიკაში უთხრეს, რომ ჩვენ 40% ზღვარი უკვე შევავსეთ და თქვენთვის ადგილი არ გვაქვს, თვითონ იწყებს კლინიკის და სამშობიარო სახლის მოძიებას, რომ სად გაუკეთებენ მათ საკეისრო კვეთას. ამ დროს უკვე დრო იწელება, რის შედეგად უკვე ძალიან ბევრია ტრავმატიზმი დედის, ნაყოფის, ასევე ძალიან ბევრია გართულებული მშობიარეები. დაჯარიმებული კლინიკების თანხები არის კოლოსალური, იწყება 40 000 ლარიდან და 360 000 ლარამდე ადის. ამან გამოიწვია მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა,“ - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ.

ასოციაციის მოთხოვნას დღეს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. 

„როდესაც ანალიზი გავაკეთეთ ვნახეთ, რომ რიგ სამშობიარო დაწესებულებებში საკეისრო კვეთების რიცხვი ზოგჯერ 80-70% აღემატებოდა. გარკვეული სამედიცინო დაწესებულებები დაჯარიმდა იმის გამო, რომ მათ აღებული ვალდებულება კლების ტენდენციისა, ანუ ეს არ არის ფიქსირებული მაჩვენებელი საკეისრო კვეთების და იგი განსხვავდება ყველა კლინიკისათვის, ვერ შეასრულეს,“ - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

დღის ამბები