20 მაისი 2019,   09:37
ვრცლად
პანკისში საგანგებო თათბირი დასრულდა - სახალხო კრება განცხადებას გააკეთებს

პანკისის ხეობაში მოსახლეობის საგანგებო თათბირი დასრულდა. ადგილობრივების თქმით, ხეობა ერთსულოვანია და დაძაბულობა არავის სურს.

თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შეიქმნება სახალხო კრება, რომელიც გაწერს ტექსტს. კრება პანკისის ყველა სოფლიდან სამ-სამი წარმომადგენლით დაკომპლექტდება.

დაძაბულობის ასაცილებლად მთავრობის სახელზე განცხადებას გააკეთებენ, სადაც ხეობაში პოლიციელებთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მოსალოდნელი დაკავებების შესახებ იქნება საუბარი.

„ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა, საქართველოში რაიმე დაძაბულობა დავუშვათ. ყველაფერ ამის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის სახელზე და საქართველოს მოსახლეობის მიმართ გავაკეთოთ განცხადება. გვინდა, რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ,“ - განაცხადა პანკისის მცხოვრებმა.

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ადგილზე დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო. სოფელ ძიბახევის ტერიტორია, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე დგამენ დროებითი განთავსების პუნქტებს, სადაც დაცვის პოლიცია ჩადგება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყებისგან განმარტებები არ მიუღიათ და არ იციან, რატომ უნდა ჩადგნენ დაცვის პოლიციელები ხეობაში.

„ჩვენ ვართ დამნაშავეები, რატომ მოიყვანეს? თუკი უნდოდათ, რომ აეშენებინათ, მოლაპარაკება უნდოდათ, მოსულიყვნენ ტკბილად, წყნარად. თუ უნდათ, რომ მშვიდობა იყოს, და-ძმურად ვიცხოვროთ, აქ ჰესი არ აშენდება,“- აღნიშნა პანკისის მცხოვრებმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები