25 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
ავტომობილები გახვრეტილი ავზებით და მოპარული საწვავი - ავტოექსპერტები ე.წ. შავი ბაზრის დაბრუნებაზე საუბრობენ 

სამართლდამცველებმა, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მანქანების ბენზინის ავზების დაზიანების და საწვავის მოპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. საგამოძიებო მოქმედებები „კურიერში“ გასული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო.

ამ წუთებში, საგამოძიებო უწყებაში კურიერში გაკეთებული განცხადებების ავტორებს კითხავენ. 90-იან წლებში გავრცელებული კიდევ ერთი პრაქტიკის,  ბენზინის ავზების დაზიანების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

ავტოექსპერტები ე.წ. შავ ბაზარზე საუბრობენ.  ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს რომ ამ მიმართულებით ე.წ. შავ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც დედაქალაქში გაძარცული მანქანების რაოდენობაც ადასტურებს.

„მსგავსი წვრილმანი ქურდობები არ ხდება თუ არ არსებობს ბაზარზე მოთხოვნა. ამ შემთხვევაში საუბარია შავ ბაზარზე. ან იგივე სხვა ავტომობილის აგრეგატებთან მიმართებაშიც კი ეს არის სარკეები, საბურავები, ეს არის მაყუჩის სისტემა, კატალიზატორები ყოველთვის იწყება ესეთი ქურდობები მაშინ  როცა ჩნდება ბაზარზე მოთხოვნა. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რაღაც ვარაუდების დონეზე და გვქონდეს ჩვენი მოსაზრება ანუ ანალიტიკური დასკვნა, რომ თუ ხდება სისტემატიური ხასიათის დანაშაული ე.ი. ის პროდუქტი, რომელსაც ისინი იპარავენ მის რეალიზებას ახდენენ. ამ შემთხვევაში ხდება ავზის დაზიანება და ამ შემთხვევაში დაინტერესება იმ ადამიანის არ იქნება უბრალოდ რომ ავზები დააზიანოს. უბრალოდ ხდება საწვავის შეგროვება  და შემდეგ რეალიზება,“-განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავტოექსპერტები მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ დაზიანებული ბენზინის ავზით გადაადგილება მძღოლისთვის შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.

„ეს არის ნამდვილად სახიფათო რადგან შეიძლება დილით გამოსულმა მძღოლმა ვერ შეამჩნიოს, რომ არის გახვრეტილი ავზი . იმიტომ, რომ ავტომობილი არ არის აუცილებელი სწორ ადგილას იყოს, თუ რელიეფი არასწორი არის შეიძლება რამდენიმე ლიტრი ამოიღონ მეტი ვერა და  ამ ადამიანმა მსვლელობის დროს წარმოიდგინეთ ავტომობილიდან დაიღვაროს საწვავი და მოხდეს ხანძარი და სავალალო შედეგით დასრულდეს,“-განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები