25 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
ამომრჩეველთა სიით აწყობილი ბიზნესი და პოლიტიკური აგიტაცია - სია რომელიც მხოლოდ ცესკო-ს თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ, მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში დევს

ამომრჩეველთა სიით აწყობილი ბიზნესი და პოლიტიკური აგიტაცია - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მარნეულში ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარემ მკაცრად დაცული სია უკანონოდ მოიპოვა და ახლა მის მაღაზიაში შესულ მყიდველებს პოლიტიკური ნიშნით აშანტაჟებს. 

”კურიერის” მიერ მოპოვებული ფოტოები ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სია, რომელზეც წვდომა მხოლოდ ცესკოს თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ, მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში დევს. ამ ფორმით, მეპატრონე აგიტაციას ”ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ ეწევა. 

”კურიერი” დაინტერესდა, საიდან ან როგორ აღმოჩნდა სასურსათო მაღაზიაში ამომრჩეველთა სია, თუმცა მაღაზიის მეპატრონე ”რუსთავი 2”-ის კამერას დაემალა. 

მაღაზია მარნეულის ცენტრში, სადაც რამდენიმე დღეა ამომრჩეველთა სამაგიდო სიები აქვთ, ალი დურახანოვს ეკუთვნის. დურახანოვი მარნეულის 67-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა და სავარაუდოდ, სიები სასურსათო მაღაზიაში სწორედ მისი ინიციატივით მიიტანეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დღეს” "კურიერის” კამერას დაემალა, ის არც სახლში იმყოფებოდა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა. 

საიდან მოხვდა სამაგიდო სიების ასლები სასურსათო მაღაზიაში, ვითარების გასარკვევად ადგილზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ დურახანოვმა სიები საოლქო კომისიიდან გამოიტანა და ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მიიღო. ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს და ამ მიზნით დღეს ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს. 

განცხადებები გააკეთეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრობის“ მერობის კანდიდატებმაც. ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას და ზეწოლას ნებისმიერი მეთოდით ცდილობს.

საარცევნო, სამაგიდო სიების სასურსათო მაღაზიაში მოხვედრასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. შსს-ში აცხადებენ, რომ საკითხის გარკვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა. 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი 

 

 

 

დღის ამბები