18 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
პარალიზებული თბილისის მეტროპოლიტენი - ორი სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის მეტროს სადგურებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. თბილისის ორი ყველაზე ხალხმრავალი სადგური ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ელექტრო სადენებს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მეტროს პირველი ხაზი ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.   

მეტროსადგურ გოცირიძეზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მობილიზება გახდა საჭირო. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია, რომელიც ელექტროსადენს გაუჩნდა, რამდენიმე წუთში შეძლეს.

მომხდარის შესახებ განმარტება გააკეთა შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორმა, გიორგი შარკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ სადგურებიდან მგზავრების გაყვანა პანიკის გარეშე განხორციელდა. 

„მეტრო გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია მონაკვეთზე დაზიანდა ძალოვანი კაბელი, რამაც გამოიწვია ძაბვის გათიშვა, შესაბამისად, გაჩერდა მეტროს მუშაობა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ოპერატიულად, გავიდნენ შესაბამისი ჯგუფები. ევაკუაციას რაც შეეხება, ანუ დაცლას სადგურებიდან და ვაგონებიდან, მოხდა დადგენილი წესით, ყოველგვარ პანიკის ან რაიმე გაუგებრობის გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში“ - აცხადებს გიორგი შარკოვი.

ბოლო პერიოდში გახშირებული ავარიების ფონზე დღეს მეტროპოლიტენი ყველაზე ხანგრძლივად იყო გათიშული. მგზავრები ამბობენ, რომ მეტროთი გადაადგილების დროს, თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ.

 

 

 

დღის ამბები