25 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
„თითოეულ პოლიციელს მე მინდა მოვუხადო ბოდიში რაც აქ მოხდა" - გიორგი გახარია

„თითოეულ პოლიციელს მე მინდა მოვუხადო ბოდიში რაც აქ მოხდა" - ამ სიტყვებით დაიწყო შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვა. გახარიამ პოლიციელებს ბოდიში, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მოუხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის წევრებს ქვეყნის მომავლის შექმნის საშუალება არ უნდა მიეცეთ. 

„პირველ რიგში მინდა მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ასევე მინდა მივმართო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, თითოეულ რიგით თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროსი და მინდა გითხრათ, რომ თქვენ დღეს ყველანი, ჩვენ ერთად ყველამ დავანახეთ, რომ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ. ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად, იმიტომ რომ სხვანაირად, ის რაც დღეს აქ ხდება, როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზორის ეკრანზე გამოჩნდნენ და პოლიციელს მიჩმორებული დაუძახონ, ეს ადამიანები ჩვენ მომავალს ვერ შექმნიან და ამ ადამიანებს, ამ მომავლის შექმნის საშუალება ჩვენ უბრალოდ, არ უნდა მივცეთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, პროცესში, რომელიც დღეს პარლამენტის დარბაზში ვითარდებოდა, ჩანდა რომ პოლიტიკურ ჯგუფები სპეკულაციებისთვის და პოლიტიკური ინტერესისთვის ისეთ თემებს იყენებენ, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესისაა

„თითოეულ პოლიციელს მე მინდა მოვუხადო ბოდიში რაც აქ მოხდა. თქვენ მეგობრებო, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა, ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი საქმე და მოგიწოდებთ ყველას, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად, იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მივცეთ უფლება მათი ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, რომ თითოეულმა ქართულმა  ოჯახმა შეძლოს იზრუნოს თავის შვილზე, თავის ოჯახზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის“ - აცხადებს გახარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები