16 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ვინმესკენ ძალადობის მოწოდება არის აბსოლუტურად მიუღებელი - თეოლოგები მეუფე იობის განცხადებებს ეხმაურებიან

მეუფე იობის სკანდალურ ქადაგებას თეოლოგები ეხმაურებიან. მათი თქმით, დაუშვებელია სასულიერო პირის მხრიდან, მსგავსი შინაარსის განცხადებების კეთება.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, გოჩა ბარნოვი, მეუფე იობის განცხადებებს ქსენოფობიურს უწოდებს და ამბობს, რომ მოწოდება ძალადობისკენ არასწორია.

„როდესაც სასულიერო პირი ამბობს მსგავს ქსენოფობიურ განცხადებებს და მოწოდებებს, ფაქტიურად, რომ მან ქართველმა ერმა რატომღაც იარაღი უნდა აისხას და თუ რაღაც ამის მსგავსი და სისხლი დაღვაროს, ეს იმდენად შემაშფოთებელი განცხადებაა, რომ თვით საპატრიარქოც კი გაემიჯნა მის ამგვარ მოწოდებას. ეს არის არასწორი, იმიტომ რომ ქრისტიანი გახლავთ ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს, ყველა ადამიანში ღმერთის ხატს ხედავს და ასეც არის. აქედან გამომდინარე, ვინმესკენ ძალადობის მოწოდება არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც მეუფე იობმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ქართველი ხალხი არ აჰყვება. მათ უნდა იცოდნენ, მეუფე იობმაც და მეუფე გიორგიმ, ქართველი ხალხი ამას არ აყვება,“ - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

ჟურნალისტი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი, გოჩა მირცხულავა აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე, იმ ვითარებას, რაც დავით გარეჯში ხდება, რელიგიური კუთხით არ განიხილავს. 

„რელიგიური კონფლიქტის საფრთხე არ არის, თუ ამის პროვოცირება მიზანმიმართულად არ მოხდა გარკვეული ძალების მიერ და მე, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ პირველ რიგში, ურა პატრიოტულ ძალებს იმიტომ, რომ რელიგიურ ჭრილში არ განიხილავს აზერბაიჯანი ამ საკითხს. ეს არის სუფთა კულტურული საკითხი მისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი დატვირთვის საკითხიც არის და სწორედ, როდესაც ვამბობ, რომ ქართულმა მხარემ არც კი იცის, რა კომპრომისზე მოდის აზერბაიჯანული მხარე, აი ეს არის აქ ყველაზე დიდი უბედურება“ - განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები