19 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია - პროკურატურამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია. გიორგი ჭანტურიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ისე დატოვა, რომ პროკურატურამ მისთვის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ჭანტურია ორჯერ დააკავეს და ორჯერვე გაათავისუფლეს.

ყოფილი პროკურორი „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალოვანებმა სასამართლოს მის წინააღმდეგ ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს. გიორგი ჭანტურიას თქმით, ის უდანაშულოა. მისი განცხადებით, ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახმაურებულია და ამიტომ, პოკურატურამ გადაწყვიტა, მას შეაწმინდოს ხელი, რის გამოც ის დააკავეს. 

„სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გამათავისუფლეს მტკიცებულებების არქონის გამო. ამის შემდეგ შვიდ თვეში აგვისტოს დასაწყისში დამაკავეს იგივე ბრალდებით და უკვე დღეს გავთავისუფლდი, 9 თვის შემდეგ. სასმართლო განხილვა ჩატარდა ისე, რომ ვერანაირი მტკიცებულება ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ჩემ წინააღმდეგ. ერთადერთი პირველ და მეორე დაკავებას შორის შვიდ თვეში მტკიცებულება, რაც მოიპოვეს, ეს იყო ჩადებული მოწმე. ამას გარდა სხვა მტკიცებულება ფიზიკურად ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას გამოძიება ასევე ედავებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თუმცა პროკურატურას ეს ბრალიც არ დაუმტკიცებია. ჭანტურიას თქმით, მას იარაღი ჩაუდეს. 

„ჩემი პირველად დაკავება მოხდა იმ მოტივით, რომ იქნებ რამე მტკიცებულება მოეპოვებინათ აღნიშნულ საქმეზე. შესაბამისად, როდესაც ვერ იქნა მტკიცებულება მოპოვებული, მე გამათავისუფლეს. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჰქონოდათ ისეთი ბრალდება წარდგენილი მკვლელობის მიღმა, რომ დავუშვათ, მკვლელობის ნაწილში თუ მე გავმართლდებოდი, რაღაცა ბრალდებით მოეხერხებინათ ჩემი შეკავება საპყრობილეში. ეს იყო იარაღის მოტივი,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას ინტერესებს ბექა ბასილაია იცავს. ადვოკატის თქმით, 9 თვის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დამნაშავეობა არ იქნა დამტკიცებული და შესაბამისად, ვადის ამოწურვის გამო გიორგი ჭანტურია გათავისუფლდა.  

პროკურატურის პრესსამსახურში „კურიერს“ განუცხადეს, რომ ჭანტურიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულები არსებობს და ის საპატიმროს ვადის ამოწურვის გამო იქნა გათავისუფლებული. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, დაცვის მხარემ პროცესები გააჭიანურა. გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მომდევნო კვირიდან გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 იანვარს გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს.

დღის ამბები