23 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ყრილობაზე მხარდამჭერების დიდი რაოდენობა სხვადასხვა რეგიონიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს

სამხედრო ნეიტრალიტეტი - ეს იყო მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ყრილობაზე ისმოდა. ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართა.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ თანხა თავდაცვის ბიუჯეტიდან, ნატო-ს პროგრამების ნაცვლად, სოციალურ დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

ყრილობაზე პარტიის მხარდამჭერების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ისინი სხვადასხვა რეგიონიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამისთვის თანხის ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ნაწილი კი შემომწირველების მიერ დაიხარჯა.

„პარტია ფინანსდება ბიუჯეტიდან, შესაბამისად, ნაწილი ჩვენი მხარდამჭერების ჩამოვიდა საკუთარი ხარჯებით, ნაწილი ჩვენი მხარდამჭერებისა ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, იმ სახსრებით, ეს არის მინიმალური გადაადგილების საფასური, რაც პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის არგუმენტს იზიარებს დავით თარხან-მოურავი და ამბობს, რომ დღევანდელი ყრილობა შემომწირველების ხარჯით არის დაფინანსებული.

„ჩვენ, მგონი, ძლიერი პარტია ვართ, ეს ერთი, რომ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება. მერე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ისეთი ხალხია პარტიაში, რომლებსაც ფული არ უჭირთ, ალბათ. პარტია, რომელიც თავისუფლების მოედანს ავსებს, ვფიქრობ, რომ მას ჰყავს შემომწირველი და აქვს საბიუჯეტო დაფინანსება,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ადა მარშანია განმარტავს, რომ დღევანდელ შეკრებაზე პარტიის წევრებს, რომლებსაც საშუალება არ ჰქონდათ ჩამოსასვლელად, თავად პატრიოტთა ალიანსმა დააფინანსა.

„არის თვითდაფინანსება ნაწილობრივ, ნაწილობრივ - პარტიის სახსრები, რასაკვირველია. რუსთავი2-თვის ფული არ გვისესხებია. ვისაც აქვს საშუალება, თავის ფულით მოდის, ქირაობენ სამარშუტო ტიპის ტაქსს და მოდიან. ვისაც არ აქვს საშუალება, ჩვენ გვამცნობენ და ჩვენ ვეხმარებით პარტიის წევრებს ოღონდ,“ - განაცხადა მარშანიამ.

დღის ამბები