24 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
ასობით ადამიანი ხელისუფლებამ დახრჩობისათვის გაწირა - შუახევჰესში გვირაბები ჩაინგრა

ასობით ადამიანი ხელისუფლებამ დახრჩობისათვის გაწირა - 2013 წელს მთიან აჭარაში ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა გიგანტური ჰესის მშენებლობას და დააანონსა, რომ 187-მეგავატიანი ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა.

შაბათის კურიერისთვის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაშხალში წყალი არ არის, ჰესი არ მუშაობს და არც დენს გამოიმუშავებს. დაანონსებული ყველაზე უსაფრთხო მშენებლობა დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და შუახევჰესში გვირაბები ჩაინგრა.

უკვე ორი წელია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, ხარვეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. შუახევჰესის გვირაბების ჩამონგრევა უკვე შეფასდა ყველაზე მაშტაბურ კატასტროფად.

ჰესის მშენებლობის დროს 37 კილომეტრის სიგრძის გვირაბები გაიყვანეს. თუმცა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ფულის ეკონომიის მიზნით, მშენებელმა არა სპეცტექნიკით ბურღვის, არამედ აფეთქების გზა აირჩიეს. ამ მეთოდმა ჯერ ხალხს სახლები დაუზიანა, საბოლოოდ კი გვირაბების ჩანგრევით დასრულდა.

ჰესი რომ ჩამონგრევისთვის იყო განწირული, მშენებლობის დღიდან ამტკიცებდა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახური უფროსი, ტარიელ ტუსკია.

ხულოს რაიონის სოფელი ღურტაში გვირაბები პირდაპირ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ქვეშ გადის. აფეთქებების გამო სახლების უმეტესობა დაზიანდა, დაიბზარა კედლები და იატაკი. კომპენსაცია ადგილობრივებისთვის არავის მიუცია. უთხრეს, რომ მათი სახლები დანგრევის პირას ჰესის მშენებლობის გამო არ მისულა.

ჰესების მშენებლობა, რომლმაც, ჯამში, 17 სოფელი დააზარალა, ხალხმა აქციების გზით გააპროტესტა. თუმცა, 2014 წლის 8 მარტს ხელისუფლებამ რაიონში სპეცრაზმი შეიყვანა და ხალხი ძალის გამოყენებით გააჩუმეს. ბრძოლა შემდეგ სამართლებრივი გზით სცადეს, თუმცა, ესაც უშედეგოდ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჰესი, რომელმაც რეგიონი კატასტროფამდე მიიყვანა, სიღრმისეული კვლევების გარეშე აშენდა, ჩქარობდა ინვესტორი და ჩქარობდა ხელისუფლებაც.

მოსახლეობა შველას ითხოვს. კერძო კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, ამბობს, რომ ადგილობრივები უნდა გადასახლდნენ, თუმცა, ამისთვის ფულს არ იხდის.

შუახევჰესს ნორვეგიული ქლინ ენერჯი ინვესტი და ინდური ტატა ფაუერი აშენებენ. კომპანიაში ადასტურებენ, რომ მშენებლობის დროს მცდარი გეოლოგიური დასკვნები გამოიყენეს და სანაცვლოდ ბოლო დროის ყველაზე მაშტაბური ავარიის წინაშე აღმოჩნდნენ.

ჩამონგრეულ გვირაბებს ახლა თავიდან აშენებენ და მომავალი წლის დასაწყისში ჰესის ამუშავებას აანონსებენ.

უკვე ორი წელია, მშენებელი კომპანია მის მიერვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. ექსპერტები ამბობენ, რომ კომპანია ამას ვერ შეძლებს და რეალურად, 420 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც აჭარას უნდა მოხმარებოდა, წყალში გადაყრილია.

დღის ამბები