18 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
გოჩა ფაცურია ზუგდიდის კომბინატის დასახლების პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლით ცემაში ადანაშაულებს

გოჩა ფაცურია ზუგდიდის კომბინატის დასახლების პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს.

მამაკაცი ამტკიცებს, რომ პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებმა წყლით სავსე ბოთლით სცემეს. სილურჯეები და გემატომები ფაცურიას, თითქმის, მთელ სხეულზე აღენიშნება.

ფაცურიას ყვება, რომ 23 აპრილს საღამოს საკუთარ სახლთან ახლოს ნასვამ მდგომარეობაში იყო, მეზობელს ხმამაღლა ესაუბრებოდა, რისთვისაც ვიღაცამ პოლიციას გამოიძახა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლებმა ის საჩვენებლად აიყვანეს.

ფაცურიათ თქმით, მასზე ძალადობა მანქანაშივე დაიწყო, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და განყოფილებაში მიყვანამდე უმოწყალოდ სცემდნენ. ფიზიკური ძალადობა პოლიციის შენობაში შეყვანისას შეწყვიტეს, თუმცა, მოგვიანებით ჩხოროწყუს იზოლატორში გადაყვანისას გააგრძელეს.

ფაცურია ამტკიცებს, რომ წყლით სავსე ბოთლს პოლიციელები გამიზნულად იყენებდნენ, რადგან მისი დარტყმის კვალი სხეულზე რამდენიმე საათის შემდეგ ვლინდება.

გოჩა ფაცურია ამბობს, რომ მოძალადე პოლიციელების ვინაობა დაადგინა. ამ ეტაპზე მათ წინააღმდეგ საჩივრის შეტანას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს.

გოჩა ფაცურიას ცემას ზუგდიდის კომბინატის განყოფილებაში უარყოფენ. მეტიც, თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ფაცურია დაკავებულიც არ ჰყოლიათ.

ნაცემი მამაკაცის ოჯახს გამოძიების იმედი არა აქვს და ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ. გოჩა ფაცურიას დის - თეა ფაცურიას, ინფორმაციით, ამ დრომდე დაკავებული არ არის მისი ძმიშვილის მკვლელი.

26 წლის ახალგაზრდა 2013 წელს ნაჯახით მოკლეს და შემდეგ სანაგვეზე დააგდეს. თეა ფაცურია ამბობს, რომ პოლიციამ დამნაშავის ვინაობა იცის, თუმცა, მაღალჩინოსანი მფარველების გამო არ აკავებენ.

26 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმე თაროზეა შემოდებული. დღემდე ოჯახი ამაზე არ საუბრობდა. ფაცურიები ამბობენ, რომ მოკლულის ბიძის ცემის ფაქტიც მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვეს, რომ ეჩვენებინათ, როგორ ძალადობენ და როგორ არღვევენ კანონს თავად სამართალდამცავები. 

დღის ამბები