20 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
სახელმწიფოს მიერ ყრუთა კავშირისთვის გამოყოფილი მიწა ფოთში დაჩეხეს და საფლავებად გაყიდეს

სახელმწიფოს მიერ ყრუთა კავშირისთვის გამოყოფილი მიწა ფოთში დაჩეხეს და საფლავებად გაყიდეს.  ტერიტორია, სადაც ახლა ასობით საფლავია, სახელმწიფოს ეკუთვნის.

5 წლის წინ მიწა ეკონომიკის სამინსიტრომ ყრუთა კავშირს გადასცა, სადაც საწარმო უნდა ამუშავებულიყო და სმენადაქვეითებულები უნდა დასაქმებულიყვნენ, მაგრამ ტერიტორია ნაწილებად დაჭრეს და საფლავებად გაყიდეს. თითო საფლავში ფოთელებმა 1500-დან 2000 დოლარამდე გადაიხადეს.

საწარმოსათვის განკუთვნილი ტერიტორიის საფლავებად გაყიდვის საქმეში ბრალდებული ლევან ყურაშვილია.

ის უკვე წლებია, ყრუთა კავშირის ფოთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინსიტრომ მიწა ყრუთა კავშირს 2014 წელს გადასცა, ყურაშვილის მოვალეობა იყო საწარმოს ასაშენებლად დაფინანსების მოზიდვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან ტერიტორია ნაწილებად დაჭრა და საფლავებად გაყიდა.

ყურაშვილი დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს.

ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ როდესაც ეკონომიკის სამინიტრო ყრუთა კავშირის მიწა გადასცა, სასაფლაოების მოწყობა უკვე დაწყებული იყო. არსებობს ეჭვი, რომ ეს სახელმწიფოს ამზომველებმა იცოდნენ, თუმცა, თვალი დახუჭეს და დოკუმენტებში არ ასახეს.

როგორ შეძლო ყრუთა კავშირის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასეთი თაღლითობის სქემის მარტომ შექმნა და განხორციელება, როდესაც ამ ადამიანთან სახლში კურიერის ჯგუფი მივიდა მისი პასუხების მოსასმენად, მისამართზე მღვდელი დახვდა, რომელმაც ჟურნალისტს კამერა წაართვა და დამტვრევა სცადა.

კამერის წართმევის შემდეგ ბერმა იერემიამ კურიერის აპარატურა სახლში შეიტანა, თუმცა, ჩაწერის რეჟიმი არ გაუთიშია. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ სასულიერო პირი და ყურაშვილის ოჯახის წევრების მსჯელობდნენ, როგორ უნდა ამოეღო კამერიდან მეხსიერების ბარათი და გაენადგურებინათ მტკიცებულება, სადაც კურიერის ჟურნალისტზე თავდასხმა ჩანდა

მამა იერემიამ დაზიანებული ტექნიკა კურიერის გადამღებ ჯგუფს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ფოტში 4400 კვადრატულ მეტრზე სასაფლაოები 2017 წელს აღმოაჩინეს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებას მიმართეს.

საფლავებად გაყიდული ყრუთა კავშირის მიწის საქმეზე ბრალდებული ყურაშვილი ბრალს აღიარებს. ადვოკატმა სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, რომ პროკურატურის ჯარიმის გადახდას და საპროცესო გარიგებას სთავაზობს. თუმცა, რა ბედი ეწება ათასობით საფლავს, რომელიც არალეგალურად არის მოწყობილი, ჯერ უცნობია.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, ემა გოგოხია

დღის ამბები