19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
ივანიშვილების ოჯახის ახლობელი სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება - შენგელი ფიცხელაური ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება

შევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკი, შენგელი ფიცხელაური, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში „ოცნების“ ხელისუფლებაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი გახდება, ადასტურებს რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი ვაჟი, ნიკა ფიცხელაური ბერა ივანიშვილის ქვისლია. მან ასევე აღნიშნ, რომ იცნობს ბიძინა ივანიშვილს.

"ახლოს არა, მაგრამ ისე ვიცნობ,"-განაცხადა ფიცხელაურმა.

 

 

შენგელი ფიცხელაური ასევე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილედ მის დანიშვნასთან დაკავშირებით არსებულ წინადადებას განიხილავს. თუმცა, არ აკონკრეტებს, ვისგან მიიღო შეთავაზება აღნიშნულ თანამდებობასთან დაკავშირებით.

„ძალიან გთხოვთ, არ არის ჯერ დაჩქარების დრო, ჯერ კიდევ მეც გადასაწყვეტი მაქვს. ამჯერად ვარ, იცით თქვენ, შს მინისტრის მრჩეველი და დანარჩენ ინფორმაციას არაფერს არ დაგიმალავთ. გულწრფელად მოგახსენებთ,“ - ამბობს ფიცხელაური.

შენგელი ფიცხელაური აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.

„ვარ უნივერსიტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის, მინისტრის მრჩეველი და ისე, რომ მე ძალიან გულით მინდოდეს და აბა, ჩქარა დამნიშნეთ, ასე არ არის, ვფიქრობ მეც, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა შენგელი ფიცხელაურმა.

"კურიერის" ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი "რუსთავი2"-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.

შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1976 წლიდან ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე. 1991 წლიდან ფიცხელაურმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. იყო ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ის ასევე არის სპორტსმენი ძიუდოისტი.

დღის ამბები