20 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
კაპიტულანტური და მოღალატეობრივი იდეა - ოპოზიციაში თვლიან, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ "პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს 

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ მსჯელობის დაწყებას უკვე ოფიციალურ დონეზე და პირდაპირ პარლამენტში გეგმავს. ალიანსის წევრები კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ ნატო-ს წევრობა საფრთხის შემცველია და დარწმუნებულები არიან, რომ თანამოაზრეებს მმართველ გუნდშიც საკმარისად იპოვიან.

„ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. შევთავაზეთ ჩვენს ქვეყანას. ფორმატი იცით თქვენ: საქართველო-ნატო-რუსეთი. ეს ყველაფერი არის ამის გაგრძელება. არ არის გამორიცხული, რომ "ქართულ ოცნებაში" მოიძებნონ მხარდამჭერები, მაგრამ მთავარია ჩვენთვის, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა ვიგრძნოთ. პარლამენტშიც გადავინაცვლებთ ამ იდეით,“-ამბობს ადა მარშანია.

პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტს მომხრეები ჰყავდა და არც ის გამორიცხავს,რომ ამ იდეას საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი მხარს დაუჭერს.

„ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა ისმებოდეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში“ - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო ქაცარავა პატრიოტთა ალიანსის იმედს, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტს მხარს უმრავლესობის წევრებიც დაუჭერენ.

ქაცარავა ამბობს, რომ საქართველოს გაცხადებული პოზიცია აქვს და საგარეო საქმეთა კომიტეტი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის აქტიურად მუშაობს.

“პატრიოტთა ალიანსის“ ამ განცხადებას კი სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მოღალატეობრივსა და კაპიტულანტურს უწოდებენ, თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ ერთ რამეში ალიანსის წევრები მართლები არიან, რომ ისინი „ქართულ ოცნებაში“ მართლაც ბევრ თანამოაზრეს იპოვიან.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ერთი და იგივე სტრატეგიის ნაწილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაიწყოს აქტიური დისკუსია იმაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება. ამის პარალელურად ჩვენ არანაირი პროგრესი არ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით და "ქართული ოცნების" პოლიტიკა რეალურად არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ და პარალელურად, სწორედ ხელის შეეწყობა სატელიტი პარტიების "პატრიოტთა ალიანსის" სახით ამ გზავნილი შთაგონების ჩვენი საზოგადოებისთვის, ამას განვიხილავ ერთიან პოლიტიკად, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და მის უკან მდგომი რუსეთი,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულ საქართველოშიც“ აცხადებენ, რომ ეს არ არის "პატრიოტთა ალიანსის" იდეა ნეიტრალიტეტის შესახებ არის "ქართული ოცნების" დაკვეთა. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა შავრაზმულ საკითხებში თანამოაზრეები არიან.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში საუბარი ნეიტრალიტეტზე არის ღალატი და კაპიტულაცია. "პატრიოტთა ალიანსი" ვერ იქნებოდა პარლამენტში რომ არა ხელოვნურად მისი შეყვანა. "პატრიოტთა ალიანსი" ფინანსდება "ქართული ოცნების" მიერ, ისინი ერთად ჩართული იყვნენ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე არიან თანამოაზრეები,“-აცხადებს კაპანაძე.

დღის ამბები