25 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
მუშების პროტესტი ზესტაფონში - ქალაქის ცენტრში დაგებული ქვაფენილი მშენებლებმა საკუთრი ხელით აყარეს

მუშების პროტესტი ზესტაფონში - ქალაქის ცენტრში დაგებული ქვაფენილი მშენებლებმა საკუთრი ხელით აყარეს. მიზეზი სამშენებლო კომპანიის სახელფასო დავალიანებაა. ლაპარაკია კომპანიაზე „ნიკარემსტროი," რომელიც სახელმწიფო ტენდერების პირობების შეუსრულებლობის გამო, ე.წ. შავ სიაშიც იყო მოხვედრილი. ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერში მონაწილეობისას კომპანიამ დამალა ეს ინფორმაცია.

შედეგად „ნიკარემსტროიმ“ ამჯერადაც დაარღვია ტენდერის პირობები და ბიუჯეტიდან 126 ათასი ლარის მიღების მიუხედავად, ორი თვით ვადის გადაწევა ითხოვა, თუმცა საბოლოოდ მაინც ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. 

„შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა ის, რომ გაკეთებული, იმიტომ რომ ანაზღაურება არ მისცეს მუშებს, მისულიყვნენ და შემდეგ დემონსტრაციულად აეყარათ. ეს არის კონკრეტული დანაშაული, ოღონდ არა მუშების მხრიდან, არამედ მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომელმაც 8 თევა გაწელა ეს სამუშაოები. თვეების განმავლობაში, ადამიანებს არ აძლევდნენ ანაზღაურებას“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  ლევან ხაბეიშვილმა.

ზესტაფონის მერობის "ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატმა, ბაქარ ხიჯაკაძემ კი განაცხადა, რომ მუშებს სააღდგომოდ ხელფასები არ გადაუხადეს.

„რაიონის ხელმძღვანელობა მოექცა ამ რაიონს ისე, რომ ალბათ, საქართველოს არ მოქცევია აღამაჰმად ხანი. დაახლოებით 200 კვ.მ. ფილა იყო დაგებული, მუშაობდნენ ხელოსნები, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, აღდგომამდე, დაახლოებით სამი დღით ადრე, მიადგნენ და აყარეს სულ. ჩვენი ინფორმაციით, სააღდგომოდ, მათ არ გადაუხადეს ხელფასები“ - განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.

ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაღრაძე ამბობს, რომ გზაზე ფილების დემონტაჟი მუნიციპალიტეტის მითითების საფუძველზე განხორციელდა.

„იქ მართლაც მოხდა ფილების დემონტაჟი, მაგრამ ეს  მოხდა ჩვენი მითითების შესაბამისად, რამდენადაც, ის არ იყო დაგებული პროექტის შესაბამისად. ამიტომ, კომპანიას, რომელიც ასრულებდა ამ სამუშაოებს, ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოეხდინათ დემონტაჟი და ასეც მოიქცა“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.

 

დღის ამბები