25 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
მორიგი დავა "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ - მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი შესაძლოა, რეზონანსული საქმის ეპიცენტრში აღმოჩნდეს 

ლაშა ქოჩიაშვილი საქალაქო სასამართლოს ის მოსამართლეა, რომელიც შესაძლოა, გახმაურებული და ყველაზე რეზონანსული საქმის ეპიცენტრში აღმოჩნდეს. მოსამართლეს, რომელიც უვადოდ გამწესებას ელოდება, რუსთავი2-ის ქეისი ჩააბარეს.

ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2009 წლიდან მუშაობს. ჯერ უვადო მოსამართლე არ არის, თუმცა, ამ სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლის დაწყება წელსვე შეუძლია.

ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე, ლაშა ქოჩიაშვილს კარგად იცნობს. გარდა იმისა, რომ კოლეგები იყვნენ, ორივე მოსამართლეთა პროფესიული გაერთიანების მოსამართლეთა ერთობის წევრი იყო. მოსამართლეთა ერთობა ლაშა ქოჩიაშვილმა ორი წლის წინ დემარშით დატოვა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ გამწესების გამო, პროტესტი გამოთქვა და მწვავე განცხადება გაავრცელა.

ლაშა ქოჩიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე რეზონანსული და გახმაურებული საქმით გაიცნო. რუსთავი2 არ იქნება ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის ბედზე მსჯელობაც ამ მოსამართლეს მოუწევს. 3 წლის წინ ის საზოგადოებას ტელეკომპანია მაესტროს ხმაურიანი პროცესებიდან ახსოვს.  

მაესტროს გაკოტრების საქმის განხილვას მოსამართლის მიმართ ბრალდებების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ხმაურიანი პროცესის შემდეგ მაესტროს მაშინდელმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ, რუსთავი2-ის სკანდალურ მოსამართლე ურთმელიძესაც შეადარა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მაშინ მაესტროს მენეჯმენტსა და სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებები მოჰყვა.

ლაშა ქოჩიაშვილი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმის გამოც მოხვდა. კომპანია რუსთავის ფოლადის საკუთრების დავას ჯოზეფ ქეისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის ის რამდენიმე საქმედ იხილავდა. კომპანიის ხელმძღვანელობამ მაშინ სწორედ მოსამართლე დაადანაშაულა იმის გამო, რომ 400-მდე თანამშრომლის ქარხნიდან გაშვება მოუწია.

 

 

 

 

 

დღის ამბები