16 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
გადამწყვეტი ბრძოლა და მორიგი შეტევა "რუსთავი 2"-ზე - "ოცნების" მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა

გადამწყვეტი ბრძოლა და კიდევ ერთი მაშტაბური შეტევა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების წინააღმდეგ - ხელისუფლებამ რუსთავი2-თან ბრძოლის მორიგი რაუნდი დაიწყო.

ქართული ოცნების მთავარი მიზანი სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და კრიტიკული არხის გაჩუმებაა. სწორედ ამ მიზნის მიღწევით ქართულ ოცნებას გარანტირებული ექნება პოლიტიკური მომავალი და 2020 წლის არჩევნების გაყალბებით ხელისუფლებაში დარჩენა.

რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის მორიგ რაუნდზე საუბარს მმართველი გუნდის წევრების ნაწილი გაურბის.

მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ტელევიზია, რომელმაც უკვე 7 წელია, ხელისუფლების შეტევის არაერთი რაუნდი მოიგერია, პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი არ არის და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, უმრავლესობაში მაინც ვერ მალავენ, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა და კრიტიკული სიუჟეტები აღიზიანებთ.

მინისტრთა კაბინეტის წევრები რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ თავდასხმას ისევ სამაუწყებლო კომპანიას აბრალებენ.

ხელისუფლების ოპონენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციურად გაწყობილი ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის განეიტრალების გეგმა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მითითებით დაიწერა.

მმართველი პარტიის ლიდერს ამისთვის, ოპოზიციის აზრით, ბევრი მიზეზი აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის მარცხი ივანიშვილმა სამაუწყებლო კომპანიის კრიტიკულ სიუჟეტებს დაუკავშირა.

საქართველოს მოსახლეობამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ სწორედ რუსთავი2-დან გაიგო, რა მეთოდებით იბრძოდა ხელისუფლება მეორე ტურის წინ და რის ხარჯზე გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსალოდნელი მარცხის შიშით, ოცნების ლიდერი განსხვავებული აზრის გაქრობას ცდილობს.

რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის პოლიტიკურ მოტივებზე პირველად ალაპარაკდა მმართველი გუნდის ყოფილი წევრი. ეკა ბესელია მოუწოდებს ხელისუფლებას, კარგად დათვალოს ის რისკები, რაც რუსთავი2-ზე თავდასხმის კიდევ ერთ მცდელობას მოჰყვება.

მმართველი პარტიის ლიდერმა და ქვეყნის დე ფაქტო მმართველმა რუსთავი2-თან მარცხი უკვე არაერთხელ განიცადა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება.

დღის ამბები