20 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
"არ ვპასუხობ "რუსთავი2"-ს, მანდატურს დავუძახო თუ რა ვქნა" - გუგული მაღრაძე სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა

„არ ვპასუხობ რუსთავი2-ს, მანდატურს დავუძახო, თუ რა ვქნა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ დევნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა.  

გუგული მაღრაძემ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის კითხვა - ეთანხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილს იმ შეფასებაში, როდესაც ოცნების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსთავი2-ს თუ გამორთავენ, მაშინ ნახავენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.

გუგული მაღრაძემ ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის თავიდან არიდების მიზნით თანამშრომელს მანდატურის გამოძახებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

„ჩემს ოთახში ვზივარ მე და რაღაცას ვმუშაობ, რატომ შემოდიხართ, რატომ მაწყვეტინებთ, ძალიან გთხოვთ და არ ვთანამშრომლობ რუსთავი2-თან, ხომ მაქვს ამის უფლება,“ - ამბობს მაღრაძე.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის, მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

დღის ამბები