25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
"ის, რომ დღეს "რუსთავი2" არსებობს, არის მენეჯმენტის დამსახურება" - გიორგი მშვენიერაძე

მესამე სექტორი რუსთავი2-ის წინააღმდეგ შეტანის მორიგ სარჩელს ეხმაურება. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე საქმის ხანდაზმულობაზე საუბრობს.  

გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ჩნდება შიში, რომ ამჯერადაც რუსთავი2-ის წინააღმდეგ იბრძვის ხელისუფლება.

„ამ თემასთან  დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება, გვქონდეს დღეს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, ან რას აპირებს მოსარჩელე მხარე. დღეს ამ კითხვებს განსაკუთრებით აჩენს და ამძაფრებს უახლოესი წარსული, რომელშიც ვცხოვრობდით და ჩვენ ვხედავდით, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება, რომელსაც ხელისუფლება ასევე კერძო პირებს შორის დავა და გვასაღებდა პირველ ეტაპზე, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადასტურებულად და არა მარტო ჩვენი აზრით დადასტურებულად, არამედ ფაქტობრივად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებითაც დადასტურებულად განხილულია, როგორც ხელისუფლების კოორდინირებული ქმედებები ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ეს სარჩელი, რომელიც ახლა ვნახეთ, წავიკითხეთ, სწორედ მსგავს შიშებს ხელახლა აღგვიძრავს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე სარჩელის აბსურდულობაზეც საუბრობს. მისთვის გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც არხის წინააღმდეგ იბრძვის ხელისუფლება და წესით, მეწილეები უნდა გაერთიანდნენ, თავად ნიჟარაძე ალოგიკურად იწყებს ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლას.

"სარჩელში ქალბატონი ნინო ედავება ტელეკომპანიის დირექტორს და ედავება ტელეკომპანიის სხვა მოწილეებს, რომელთან დავაშიც არის მეორე მხრივ სახელმწიფო. მმართველი პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება და რომელიც ცდილობს, როგორც ამ ადამიანებს, ასევე ქალბატონ ნინოსაც, წაართვას წილი. ამ მომენტში, როდესაც ასეთი სიტუაციაა, როდესაც მათ საერთო მტერი ჰყავთ, ხელისუფლების სახით, ძალიან საეჭვო არის, ლოგიკური და გონივრული იყოს მისი მხრიდან იმ ტიპის დავის წამოწყება, რომელიც მიმართული იქნება მისი კომპანიაში პარტნიორების და იმ დირექტორის მისამართით, რომელმაც ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ ეს კომპანია გადაარჩინა. ის, რომ დღეს ეს კომპანია არსებობს,  მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რაც გადის, ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი სულდგმულობს, ის, რომ განსხვავებული აზრი ისმის, არის სწორედ იმ დიდი შრომის დამსახურება, რომელიც ამ ტელეკომპანიის მენეჯმენტმა გასწია,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები