24 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ყოველდღე ერთად არიან და რატომ დასჭირდებოდათ ტელეფონზე ასეთი საუბარი, თან იცის 24 საათი უსმენენ, - ნატა მაჩალიკაშვილი მამაზე საუბრობს

"ყოველდღე ერთად არიან, დღე-ღამე კარავში და რატომ დასჭირდებოდათ ტელეფონზე ასეთი საუბარი, თან იცის 24 საათი უსმენენ,"-ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა, ნატა მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება მისი ძმის საქმის გამო, მამამისის გაჩუმებას ცდილობს.

"ან გოგაშვილი რა შუაშია, ან მამამისის საფლავი, მეცინება ამ ყველაფერზე. ესენი ხომ ცდილობენ თემირლანი გამოიყვანონ ტერორისტად, ჯერ მოკლეს უდანაშაულო და მერე გამოაცხადეს ტერორისტად. ზუსტად ეს საქმე რომ არ გამჟღავნდეს, მამაჩემს ასეთ რაღაცეებს უგონებენ,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, ნატა მაჩალიკაშვილი.

სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ფალსიფიცირებულად და არაადეკვატურად თვლიან პანკისის ხეობაში. ადგილობრივების თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს, თუ ტერაქტის დაგეგმვა სურდა, ის ასე ღიად მსგავს დიალოგს არ აწარმოებდა.

"მალხაზ მაჩალიკაშვილს რომ სდომოდა მისი მოკვლა ან რაღაცის გაკეთება, ის არ არის ისეთი უტვინო ადამიანი, რომ მან ტელეფონში ასეთი საუბრები ილაპარაკოს, არცერთ შემთხვევაში. რომ სდომოდა პარლამენტთან არ იდგებოდა 2 წლის განმავლობაში,"-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, ლეილა აჭიშვილი.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სუს-ის მიერ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას არ სურს პანკისში სიმშვიდე იყოს.

"ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს არა მალხაზ მაჩალიკაშვილის ეს გამონათქვამი, არამედ სუს-ის მიერ ამის გამოქვეყნება, როდესაც ჯერ დაძაბულობა პანკისის ხეობაში არ არის ჩამცხრალი. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ აწყობს უსაფრთხოების სამსახურს რომ პანკისის ხეობაში იყოს სიწყნარე,"-აცხადებს ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმისშვილთან ერთად, ტერაქტის საშუალებით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.


დღის ამბები