19 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
მორიგი ზეწოლა "რუსთავი2"-ზე - ვაშინგტონში მწვავე განცხადებები გაკეთდა

შეტევა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ვაშინგტონში მწვავე განცხადებები გაკეთდა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეფასებით, მედიის თავისუფლება საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

შეერთებული შტატების თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც თავისუფალი მედია, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

„დასავლური საზოგადოება, ცხადია, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება, რა ხდება მართლმსაჯულების სფეროში, ასევე მედიის პლურალიზმის თვალსაზრისით და თქვენი არხის - "რუსთავი 2"-ის დამოუკიდებლობაზე. ეს საკითხები მრავალჯერ წამოიჭრა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, როგორც ახლანდელი, ისე წინა ადმინისტრაციის დროს. ამ საკითხებს ყურადღებით ადევნებენ თვალს. საიდუმლო არ არის, რომ მთავრობების უმრავლესობა ცდილობს საკუთარი გამარჯვება ინსტიტუტების გაკონტროლებით და მათზე დომინირებით გაიმყაროს, თუმცა ამისთვის ძალების ბალანსი არსებობს. საქართველო, ძირითადად დემოკრატიული საზოგადოებაა და ბევრი პროცესი, რასაც ვხედავთ, დემოკრატიულად მიმდინარეობს. ასე, რომ უნდა იყოს კრიტიკა და მოვლენებს დავაკვირდეთ, თუმცა ეს კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ,”-აცხადებს აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, მაიკლ ქარფენთერი.

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კურტ ვოკერი კი აცხადებს, რომ მედიაგარემო საქართველოში მუდმივი პრობლემაა, რომელიც მრავალი წელია გრძელდება. მისი თქმით, საქართველოს, როგორც ქვეყანას, ნამდვილად სჭირდება, რომ გაერთიანდეს მედიაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპის გარშემო.

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა სიტყვით გამოსვლის დროს შეახსენა ქართულ მხარეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, 2020 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა დაზარალდება.

„საიდუმლო არ არის, რომ 2019 წლის არჩევნებმა არაერთი დარღვევის დემონსტრირება მოახდინა, რაც ეუთო-მ და სხვებმაც დაადასტურეს. ახლა, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, 2020 წელს ამას უპასუხოს. კარგი იქნება, საქართველოში ხალხი ორივე მხარეს - "ქართული ოცნებიდან" და ერთიანი "ნაციონალური მოძრაობიდან," შესაძლოა სულაც პრეზიდენტის ან ვინმე სხვა საჯარო პირის ხელმძღვანელობით და საერთაშორისო ჩართულობით, იყოს დარწმუნებული, რომ 2020 წელს ქვეყანა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. ასე თუ არ იქნება და ისევ პრობლემურ არჩევნებს ვნახავთ, ეს ნამდვილად გაართულებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატოში,”-განაცხადა კურტ ვოკერმა.

კონფერენციაზე ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, ლიუქ ქოფი კიდევ ერთხელ შეეხო მოსაზრებას, საქართველოს ალიანსში შეყვანის შესახებ, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, იმ  პირობით რომ ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს.

შეერთებულ შტატებში თანხმდებიან, რომ ალიანსის გაფართოებაში ვაშინგტონს მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა რამდენად არის ამის მზადყოფნა ვაშინგტონში, ან არის თუ არა მზად საქართველო წევრობისთვის, ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ქართული მხარე კი ფიქრობს, რომ საქართველო პრაქტიკული თვალსაზრისით წევრობისთვის მზადაა.

დღის ამბები