20 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მივა - შვილმოკლული მამა სკანდალური ბრალდების შემდეგ მტკიცებულებებს ელოდება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით გასაჯაროებული აუდიოჩანაწერის მთავარი ფიგურანტი ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივა. პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მტკიცებულებებს მეორე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო კარავში ელოდება. გომელაურის უწყება დუმს და შესაბამისად უცნობია, რა მტკიცებულება აქვს უსაფრთხოების სამსახურს მძიმე ბრალდების ადრესატის წინააღმდეგ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს ლოგინში მოკლული 18 წლის თემირლანის მამა გოგაშვილის მკვლელობას მამის, კლიმენტი გოგაშვილის საფლავზე აპირებდა.

შვილმოკლული მამა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, თემირლანის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს და რუსთაველის გამზირზე კარავში ცხოვრობს არ უარყოფს, რომ მას ძმიშვილთან შესაძლოა, ჰქონდა მსგავსი საუბარი, რადგან აინტერესებს ყველა, ვინც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას არასდროს არავისი ლიკვიდაცია დაუგეგმავს. ის მზად არის, პასუხი აგოს, თუ გამოძიება მის ბრალეულობას დაადასტურებს. ასევე მზად არის, პროტესტი გააგრძელოს ყველგან, მათ შორის ციხეშიც.

18 წლის შვილის მკვლელობის დღიდან სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლიც. მედიკო მაჩალიკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე თავდასხმის დაგეგმვას.

გამოძიების მიმართ უნდობლობის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე მივა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არაფერი დევს, რითიც შეიძლება დამტკიცდეს, რომ შვილმოკლული მამა თავდასხმას და საფლავის აფეთქებას გეგმავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები