20 აპრილი 2024,   03:22
ვრცლად
"დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებენ" - თაკო ჩარკვიანის პარტია მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს

პარტია „კანონი და სამართალი“ მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებს. პარტიის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა და იურიდიული დახმარება შესთავაზა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებს, საპროტესტო ტალღა გარდაუვალი იქნება.

„პირდაპირ გეუბნებით, დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებენ, ჩვენ საქართველოს რუსეთს არ გადავაბარებთ, ამას ბიძინა ივანიშვილს არ გავაკეთებინებთ და გონს მოვიდნენ დროზე. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ბატონ ვახას შევთავაზოთ, ვუთხრათ, რომ მის გვერდით ვართ, მიმდინარეობს კონსულტაციები და კიდევ გიმეორებთ, აიყვანთ მალხაზ მაჩალიკაშვილს - აქ დავსხდებით კარავში,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სუს-ის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ჩარკვიანის თანაგუნდელი, მიხეილ რამიშვილი. ადვოკატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მის მიერვე ჩადენილი უსამართლობის გადაფარვას სხვადასხვა გზით ცდილობს.

„მტკიცებულებები, რაც არის წარმოდგენილი და რაც წარმოადგინეს სუს-მა და ეს ვითომდა ტერორისტული აქტის აღმოფხვრა მოხდა, ცოტა უცნაური არის, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ასეთ სიტუაციაში არცერთი პირი არ უნდა გადაადგილდებოდეს ასე თავისუფლად. ეს არის უბრალოდ გადაფარვა იმ უკანონობის, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართებაში და ისინი ცდილობენ ახლა, რაღაც გარკვეული ფორმაცია მოახდინონ ამ ყველაფრის,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სუს-ი გამოძიებას აწარმოებს ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები