20 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი დღეიდან დაიწყო - ოპოზიციას გამჭვირვალე პროცესის მოლოდინი არ აქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. კანდიდატებს ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება 31 მაისამდე შეუძლიათ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა, უვადოდ დასანიშნი 20 მოსამართლე უნდა შეარჩიონ. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსის ობიექტურობის იმედი არ აქვთ, რადგან მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა ისევ კლანის ხელში დარჩენილიყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საბოლოოდ ხელში ჩაიგდოს სასამართლო სისტემა.

„მართვადი სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ყველა ბერკეტი ჰქონდეს ქვეყნის კანონის უზენაესობის მიმართულებით და სასამართლო ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ მურუსიძე არის ასეთი სიმბოლო მისთვის სასამართლოს გაკონტროლების. ამიტომ, რეალურად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ახალი ე.წ. გადაზღვევების მექანიზმი თუ არ გამოიცვალა მთლიანად მიდგომა, თუ არ გამოიცვალა მთლიანად პრაქტიკულად მთელი ის ფუნდამენტი პოლიტიკური სასამართლოს და კანონის უზენაესობის, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არავითარ რეალურ მოლოდინს არ ქმნის,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონის ერთპიროვნულად დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენიანი წევრების მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატურებს პრობლემების გარეშე დაამტკიცებს.

ოპოზიციის მწვავე კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ იზიარებენ. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები გამჭვირვალე პროცესის შესაბამისად შეირჩევა.

დღის ამბები