19 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
მარნეულში ნომერ პირველი პრობლემა კორუფციაა - ოპოზიციის ლიდერები მერობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები მარნეულის მერობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ მელიქიშვილი, აზერ სულეიმანოვი და მერობის კანდიდატი აგილ მუსატაფაევი სოფელ სავირქენდის, ახლომახ მუდლოს, ბაილარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობას შეხვდნენ. ოპოზიციის ლიდერები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.

მოსახლეობის თქმით, მთავარი პრობლემა მძიმე სოციალური ფონია. მათი განცხადებით, სამუშაო ადგილები არ არის და ახალგაზრდები სოფლებს მუდმივად ტოვებენ.

ოპოზიციის ლიდერების შეფასებით, მარნეულში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმია.

„ხალხი მონატრებულია გამარჯვებას, კორუფციის გარეშე ცხოვრებას. მარნეულში ნომერ პირველი პრობლემაა კორუფცია, ნეპოტიზმი, რაც ხელს უშლის განვითარებას,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო, სადაც აქცენტი ახალგაზრდების დასაქმებაზე კეთდება. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აგილ მუსტაფაევი ახალგაზრდული ინიციატივების ხელშემწყობ ფონდს შექმნის.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს მომარჩევლის მოსყიდვის მცდელობებს.

„ზუსტად ისევეა ჩამოვლა და დაშინება კრიმინალების მიერ მარნეულის რაიონში, ზუსტად ისევეა მოსყიდვის მცდელობები, ზუსტად ისევეა პროვოკაციის მცდელობები, რომ ხელჩართული კრივი გამოიწვიონ და იმის მაგივრად, რომ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, ერთმანეთზე დაპირისპირება მოხდეს, ზუსტად ისევე არის დაშინება და ყველანაირი მცდელობა, რომ ადამიანები შეხვედრაზე არ მოვიდნენ, რომ ციფრები და სიმართლე გაიგონ იმაზე, რა მოგვიტანა ბიძინა ივანიშვილის თარეშმა ამ ქვეყანაში 7 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები