20 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
მესამე სექტორი გამოცდილ იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოცდილ იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

კონკურსში დარეგისტრირება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. კანდიდატებს ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება 31 მაისამდე შეუძლიათ.

მესამე სექტორის წევრები მოუწოდებენ, იურისტებს მიიღონ კონკურში მონაწილეობა, რომ ყველამ დაინახოს განსხვავება ჩინჩალაძის კლანსა და თანამედროვე, მოაზროვნე იურისტებს შორის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა აცხადებს, რომ შესარჩევი ეტაპის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტზეა. შესაბამისად, გვილავა ამბობს, რომ ობიექტური შერჩევისთვის საჭიროა პარლამენტში პოლიტიკური ნების არსებობა.

„არც ეს დანიშვნები და არც ეს კანონი ნდობას ვერ აამაღლებს. გარანტიები ძალიან ცოტა გვაქვს. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს იქნება საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა მოხდეს ამ პროცესში და გამოაშკარავდეს ის პრობლემები, რომელიც კონკრეტულ კანდიდატებს აქვთ, ანუ მწვავე კითხვები დავუსვათ. მაინც საბოლოო ჯამში, ყველაფერი არის პარლამენტის ხელში, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება საბჭოს ეტაპზე მთლიანად კლანის ხელშია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კლანის წარმომადგენლები მრავლად იქნებიან ნომინაციის დროს,“ - განაცხადა გვილავამ.

კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ბევრმა ღირსეულმა იურისტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ კონკურსი იყოს ღია, გახსნილი, ძალიან ბევრი ადამიანის მონაწილეობით და ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს იმ ადამიანებს სასამართლო სისტემაში, რომლებმაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ ისინი ყველა პროცედურას მოერგებიან, ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ და ეს, სავარაუდოდ, იყო მინიშნება, რომ ამ შემთხვევაშიც აპირებენ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას,“ - განაცხადა ვერძეულმა.

ვერძეული ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობამ წინასწარ პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამ პროცესში პოლიტიკურ კონსენსუსზე ორიენტირებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. კანდიდატებს ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება 31 მაისამდე შეუძლიათ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა, უვადოდ დასანიშნი 20 მოსამართლე უნდა შეარჩიონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები