19 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
უმუშევართა ჯარი და დამალული სამუშაო ადგილები - საჯარო სამსახურში "ოცნების" მაღალჩინოსნებმა ახლობლებისთვის ფიქტიური შტატები შექმნეს

დამალული სამუშაო ადგილები - საჯარო სამსახურში „ქართულმა ოცნებამ“ ფურცელზე შექმნა შტატები და იქ მმართველი პარტიის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები გააფორმა.

ისინი სამსახურში არ დადიან, თუმცა ხელფასს იღებენ. ფაქტების გადამოწმება ზუგდიდის დასუფთავების სამსახურიდან დავიწყეთ, სადაც „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, ათობით ადამიანი ფიქტიურად არის დასაქმებული. მათ ხელფასს ხალხის ფულით უხდიან, თუმცა არფერს აკეთებენ და სამსახურშიც პრაქტიკულად არ დადიან.

გვარები, რომელიც „კურიერმა“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ჩამოუთვალა, ზუგდიდის მაღალჩინოსნების ნათესავები არიან. ისინი სხვადასხვა მუნიციპალურ აიპ-ებში ოფიციალურად ირიცხებიან, თუმცა სამსახურში ისინი არავის უნახავს.

ერთ-ერთი ასეთი დასაქმებული რაულ ხარებავაა, ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ბიძა. მან მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ სამსახურში ფიქტიურად არის გაფორმებული, თავისივე ნათქვამის უარყოფა დაიწყო.

ბესიკ თოლორაიაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის ედიშერ თოლორაიას ნათესავია, ისინი სამსახურში ფიქტიურად გააფორმეს და ხელფასს არაფრის კეთებაში უხდიან.

ივანიშვილის პარტიის ზუგდიდის დეპუტატს მხოლოდ ნათესავები არ დაუსაქმებია. მისი მეუღლე ზუგდიდის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელია. დისშვილი საკრებულოში დაასაქმეს და მომსახურების სააგენტოში გააფორმეს. ბიძა კეთილმოწყობის სამსახურში.

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯამში, საჯარო სექტორში დეპუტატის 50-მდე ნათესავია დასაქმებული, თუ მინიმალური ხელფასით, 500 ლარიანი ხელფასით დავიანგარიშებთ, გამოდის რომ წელიწადში, მხოლოდ ერთი დეპუტატის ნათესავების რჩენა ხალხს 300 ათას ლარამდე უჯდება.

პოლიტიკაში უმწიკვლო ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიას დასაქმებული ნათესავების სიაც შთამბეჭდავია. სავარაუდოდ სწორედ მისი დამსახურებაა მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებული მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები და მეგობრები.

მეუღლე, დეიდაშვილი, დეიდაშვილის შვილი, ნათლული და უფრო შორეული ნათესავები - ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მიაზერ ნანავას ოჯახური გარემოცვა ზუგდიდში უმუშევრობას არ უჩივის.

ქალაქში, სადაც უმუშევართა ჯარია, ჩინოვნიკების ოჯახის წევრებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნა და ფულის გახდა პრობლემა არ არის.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია - ასე უწოდებენ ნეპოტიზმით გაბრაზებული ზუგდიდელები ბარებისა და საქალაქო ბიბლიოთეკებს გაერთიანებებს, სადაც როგორც წესი, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და ნათესავი ქალბატონები საქმდებიან, ან უბრალოდ ფორმალურად ირიცხებიან და ხელფასს იღებენ. რაც შეეხება ახლობელ მამაკაცებს, მათთვის ადგილი კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსხურები არსებობს.

დღის ამბები