20 ოქტომბერი 2019,   05:58
ვრცლად
ნახსენები არ იყო ფარცხალაძე ან სხვა მაღალჩინოსნები, ახალი არაფერი უკითხავთ - ვანო მერაბიშვილი მესამე დაკითხვა დასრულდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მატროსოვის ციხეში დაახლოებით 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ადვოკატების თქმით, ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის და მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ძიება რეალურ შედეგებს დადებს.

პროკურორების განცხადებით, მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.

„მან დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი ხასიათის მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით, მონაწილეობას იღებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანაში. გამოძიება მაინც შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას, დაიგეგმება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,“-განაცხადა გამომძიებელმა თამუნა ვახანიამ.

ადვოკატები კი ამბობენ, რომ მერაბიშვილმა არათუ დღეს, არამედ წინა 2 დაკითხვაზეც გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ციხიდან მისი გაყვანის როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლების შესახებ.

„ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ რომ ღამე იყო. პრაქტიკულად არცერთი  კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ,“- განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.  

ივანე მერაბიშვილი დღეს მესამედ იკითხება. მისი დაკითხვა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. საქმე ეხება 2013 წელს მის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. საქმეზე საქართველოში ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ახალი გამოძიება კი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე განახლდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები