18 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
ექსპერტები აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციზე, მამუკა ბახტაძისგან უფრო მკაფიო გზავნილებს ელოდნენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლას შეხვედრის დამსწრე მესამე სექტორის და სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის წარმომადგენლები აფასებენ.

მათი თქმით, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ყველა საჭირო თემაზე, თუმცა, ისინი თვლიან, რომ როდესაც შენ წარმოადგენ ქვეყანას, რომელიც ამ პროექტში ყველაზე წარმატებულია და გაქვს იმის პრეტენზია და სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე გახდე ევროკავშირის წევრი, გზავნილები ბევრად უფრო მკაფიო უნდა იყოს.

„მე, სამწუხაროდ, ისევე, როგორც სხვა კოლეგებსაც, ძალიან დაგვაკლდა უფრო მეტი კონკრეტიკა. კერძოდ, როდესაც ის საუბრობდა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, ჩემი აზრით, მან შინაარსზე არ ისაუბრა. კერძოდ, როდესაც ის საუბრობდა ახალი უფრო დიდი იდეის შესახებ, მან კონკრეტიკაზე არ ისაუბრა და კერძოდ, მე დამაკლდა ეს კონკრეტიკა, რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობას და საქართველოს საბოლოო გაწევრიანებას ევროკავშირში,“ - განაცხადა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა.

მამუკა ბახტაძის გამოსვლაში უფრო მეტ სიზუსტეს და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებას ელოდა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, პრემიერს მეტი აქცენტი იმ ხედვებზე უნდა გაეკეთებინა, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ალბათ, უფრო მეტი აქცენტები უნდა გაკეთებულიყო იმ პროექტებზე და იმ ხედვებზე, რომელიც აქვს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ეს, სამწუხაროდ, არ იყო. უფრო ზოგადი საუბრები იყო თუ როგორ ხედავს ქვეყანა ამ პროცესს, რაც ცოტა არ იყოს გულდასაწყვეტია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას აქვს უფრო დიდი ამბიცია, ვიდრე დანარჩენ 6 ქვეყანას და ბუნებრივია, ეს უნდა აისახოს კიდევ ჩვენი ლიდერების განცხადებებში და ხანდახან ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები არსებობს და ეს დღესაც გამოჩნდა,“ - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია დასრულებულია. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი 10 წლის გახდა. ამ პროექტში 6 ქვეყანა შედის.

დღის ამბები