19 მაისი 2019,   11:26
ვრცლად
შანტაჟი, ძალადობა და მოსყიდვა - ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

„კურიერს“ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ანონიმურმა წყარომ სკანდალური ფარული ჩანაწერი გადასცა, სადაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საიდუმლო თათბირის დეტალებს ყვება. ვიდეომასალა ავტომობილშია გადაღებული, სადაც დეპუტატი გია დანელია თანამოსაუბრეს ეუბნება, რა დავალება მისცეს მას მმართველი პარტიის ლიდერებმა.

დეპუტატი პირდაპირ აცხადებს, რომ სასურველი შედეგის მისაღებად, უნდა გამოიყენონ შანტაჟის, ტერორის და ძალადობის გზაც. გია დანელია ვიდეომასალაში ანონსებს, რომ არჩევნების დღეს მხარდამჭერები ოკუპირებული აფხაზეთიდან უნდა გადმოიყვანონ, რადგან ზუგდიდში საჭირო ხმებს ვერ აგროვებენ.

ტერორის და ზეწოლის გარდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ფარულ ჩანაწერში წუხს, რომ ვერაფრით მოისყიდა ხალხი, სამეზობლოში ფაროსანას წამალიც დაარიგა, თუმცა ამომრჩევლის გული მაინც ვერ მოიგო. მეზობლებს, ვინც დეპუტატს მხარდაჭერაზე უარი უთხრა, გია დანელია ინტრიგანებად მოიხსენიებს.

დანელია „კურიერის“ კითხვებმა დააბნია. მან უარყო, რომ ვიდეომასალაში ის ჩანს და მისი ხმა ისმის, თან ისე რომ ვიდეო არც კი უნახავს. ინტერვიუს დროს „კურიერმა“ ერთი საინტერესო დეტალი დააფიქსირა. ფარულ ჩანაწერსა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გია დანელიას ერთი და იგვე საათი უკეთია.

სკანდალური ფარული ჩანაწერი მალევე ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა ზუგდიდს საკრებულოში. სხდომაზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი მივიდა და გია დანელიასგან დაგეგმილ ტერორზე ახსნა-განმარტება მოითხოვა. ოპოზიციის კანდიდატის თქმით, ია კერზაიას ტრაგიკული მაგალითი ხელისუფლებისთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა.

ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა სანდრა რულოვსს სხდომაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

 

დღის ამბები