25 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
მთავრობა თუ არ შეიცვალა, არაფერი არ იქნება, უარესისკენ მივდივართ, - მეგრელები არსებულ პრობლემებზე საუბრობენ

პოლიტიკური ნიშნით მიცემული სოციალური დახმარება - სოფლებში ზედა ეწერში, რიყესა და ჭკადუაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სოციალური დახმარება პოლიტიკური ნიშნით მოუხსნეს. ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ შემოსავალი საკმარისი არ აქვთ და არც იმის საშუალებაა, რომ მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ.

„სოციალური მომხსნეს, სამი წელია, სოციალური არ მაქვს, ვარ 100 ლარით. როგორ უნდა ვიცხოვრო... არავინ არ მეხმარება. რამდენჯერ მივმართე, იმდენჯერ ამიწიეს სოციალურის ქულა, რახან ვაკითხავდი ამიტომ მომიმატეს ქულა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივები სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ. დევნილებიც ჩივიან, მათი ტკივილი გულთან ახლოს არავის არ მიაქვს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საარჩევნოდ მმართველი გუნდის მხრიდან დაპირებები გაიზარდა, თუმცა, მათი შესრულების იმედი არ აქვთ.

„არაფერი არ გაუკეთებიათ მანამდე და აწი რას გააკეთებენ. ახლა ყველაფერს აკეთებენ, ახლა კი სიტყვით, მანამდე სასუქს გვაძლევდნენ, საწვავს, სალიარკას, ახლა არც სალიარკა, არც სასუქი, არც არაფერი, იმას გვაძლევდნენ, ბარათს, სად წავიდა?.. ხალხმა რა ქნას და რას ახეთქოს თავი არ იცის, ისე არიან გაბრაზებულები და გაჯავრებულები,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ჩივის, რომ შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, თხილს ფაროსანა ანადგურებს, რომელსაც ხელისუფლების წამალი ვერ კლავს. მათივე თქმით, იძულებულნი არიან თვითონ შეიძინონ უფრო ხარისხიანი და ძვირადღირებული წამალი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

„მთავრობა თუ არ შეიცვალა, არაფერი არ იქნება. უარესისკენ მივდივართ, უკეთესობა არაფერი არ არის. თხილის შემოსავალი იყო, ისიც ფაროსანამ შეჭამა და არაფერი არ არის. 2-3 ლარი არის, ეს სამი ლარიც ისეც ჯდება, რომ შეწამლო, სამი ლარი და კიდევ მეტი ჯდება. შეწამლეს, მაგრამ სუნი ჰქონდა სალიარკის. შეწამლეს და რომ წავიდნენ მეორე დღეს მე შევწამლე და ფაროსანა ჩამოცვივდა და მაგათ რომ შეწამლეს ერთი ცალი არ მომკვდარა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„რუსთავი 2“-თან საუბარს მოსახლეობის დიდი ნაწილი ერიდება და პრობლემებზე საუბარს თავს არიდებენ.

დღის ამბები