16 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
"მე ვიყავი გადაყენებული“ - ქობულიას აზრით, პრემიერმა გადაწყვეტილება ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო

„მე ვიყავი გადაყენებული“ - ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერმა მოაწერა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის აზრით, მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ის მთელ რიგ გადაწყვეტილებებში მთავრობას არ ეთანხმებოდა. 

„მე ეს განცხადება გავაკეთე უკვე არაერთხელ. მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია. მე ვიყავი გადაყენებული. ამასთან დაკავშირებით არის ბრძანება. ჩემი გადაყენების, როგორც ეკონომიკის მინისტრის, პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ ამაში არ არის გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული. ეს იყო მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე არ  ვუჭერდი მხარს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ის თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურინი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. 

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ "შაბათის კურიერს" მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები