20 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობები - "ქართული ოცნება" მიღებული თანხებით პირველ ადგილზეა

საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობები და გაწეული ხარჯები - დაახლოებით ერთ თვის დეკლარაციების სტატისტიკას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი ჯამში 24 პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს უფიქსირდება. საერთო თანხა კი თითქმის 3 მილიონს შეადგენს.

ყველაზე მეტი შემოსავალი დაახლოებით მილიონ 800 ათასი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - შემოსავლებითა და ხარჯებით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი თითქმის 150 ათასი ლარია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაფიქსირებულზე გაცილებით მეტი, "შავი ფული" ტრიალებს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ყველა შემოსავალი გამჭვირვალეა.

„რისი ორი მილიონი "ქართული ოცნების?" მხოლოდ ის თანხებია რომელიც აუცილებელია საჩვენებლად რეკლამის ბანერების, ბუნებრივია ეს ფული მოდის იმ ბიზნესიდან, რომლებიც ბიუჯეტს ხრავენ და ტენდერებს იგებენ. ივანიშვილი საკუთარ ფულსაც არ ხარჯავს ბიუჯეტიდან ფინანსდება,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი დანაშაული კორუფციაა, მაგრამ როდესაც ამ თანხებს ამომრჩევლის წინააღმდეგ იყენებენ ეს უკვე ორმაგი დანაშაულია.

პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ სიურპრიზი არ არის, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში „ქართული ოცნების“ შემოწირულობა ყველაზე მაღალია.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველაფრის დეკლარირება ხდება.

„ქართული ოცნების“ მთავარი სტრატეგია ეფუძნება სამართლიანობას, კანონის უზენაესობას. ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი პარტია ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამისად,“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები