25 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში - სამოქალაქო საზოგადოება ძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი 2 დღის წინ, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გადაკვალიფიცირებას, ან ძიების ერთდროულად ორი მუხლით წარმოებას ითხოვს.

გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ტელეკომპანია "ოდიშის“ გადამღებ ჯგუფთან მიმართებაში დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი.  რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს და სამართალდამცველებს ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ამჟამად გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

„თავდასხმის ობიექტი გახდა ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტი, რომელსაც უშლიდნენ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და ხელყოფდნენ მის უფლებებს. ამიტომ გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა გააგრძელოს მუშაობა და 154-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს  იმ პირთა ქმედება,რომელიც სწორედ მას უშლიდა ხელს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში,“-ამბობს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე.

დღის ამბები