25 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
"შარვალს როდესაც მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ" - არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს

არასრულწლოვანი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ახალგაზრდა ქურდობისთვის დააკავეს. ის და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღიარებისთვის სამართალდამცველებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

არასრულწლოვანმა ფაქტი ჟურნალისტებთან დეტალურად გაიხსენა და პოლიციის თანამშრომლების გვარებიც დაასახელა, ვინც მისი თქმით, მასზე იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, სადაც წერია, რომ არასრულწლოვანს დაემუქრნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, გააუპატიურებდნენ, გადაიღებდნენ ვიდეოზე და გაავრცელებდნენ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოზარდს შეეშინდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული, აღიარების მიუხედავად, პოლიციელები მის ცემას განაგრძობდნენ და მოითხოვდნენ მისგან, ეთქვა, სად ინახავდა დანარჩენ ოქროს ნივთებს. დადგენილებაში წერია, რომ დარტყმის შედეგად ის სკამიდან გადავარდა, დაეცა იატაკზე და ხელი მოიტეხა.

დაზარალებულად ცნობის დადგენილების მიუხედავად, პირები, რომელზეც არასრულწლოვანი საუბრობს, არათუ პასუხისგებაში არ არიან მიცემული, არამედ ისინი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ისევ აგრძელებენ.

"გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთო. ბოთლი მოიტანეს. შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ,“ - განაცხადა არასრულწლოვანმა.

ადვოკატებმა 18 საათზე ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს, რათა ძალადობის ფაქტი გააპროტესტონ. ზაზა ხატიაშვილის თქმით, შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, ვინც არასრულწლოვანზე იძალადა.

 

დღის ამბები