სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები - თბილისში სახალხო დამცველის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა იმართება. შეხვედრას ესწრებიან ეუთოსა და ოდირის წარმომადგენლები, რომლებმაც დასკვნა სწორედ სასამართლო სისტემაზე მოამზადეს. მრგვალი მაგიდის მონაწილეები მსჯელობენ, როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
შეხვედრაზე კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა.
„შეკითხვა მაქვს თქვენთან, იმ ადამიანთან, რომელთანაც ერთი წელი ვიჯექი ერთ ოთახში , როგორ შეიძლება მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი მართავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს? აი ამ შეკითხვაზე გამეცით პასუხი,“-განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ კახა წიქარიშვილის შეკითხვას არ უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფორმატი ამ სახის დისკუსიას არ ითვალისწინებს.
„ბატონო კახა მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს არის ცალკე თემა და მზად ვარ დისკუსიისთვის. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი ალბათ არ იძლევა ამის საშუალებას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.