24 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
გზავნილი ე.წ. კანონიერი ქურდისგან - "რემენას" ძმა ჭიათურ-მანგანეზის გაფიცულ მუშებთან მივიდა

ჭიათურაში, ჭიათურ-მანგანეზის გაფიცულ მუშებთან ცოტა ხნის წინ ადგილობრივი ავტორიტეტის მეტსახელად რემენას ძმა გამოჩნდა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ოჯახის წევრმა აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე პირი გაიყვანა და მათთან იქვე მდებარე სკვერში ისაუბრა. უცნობია რა დანაბარები გადასცა მან აქციის მონაწილებს "რემენასგან", რადგან ამ შეხვედრიდან დაბრუნებულმა პირებმა საუბარი აღარ ისურვეს.

გარდა ამისა ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გაჟღერებას, რომ ადგილზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა იმყოფებოდა, აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. ისინი კურიერის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ ადგილზე მათი ნაცნობი იყო მისული და საუბარი აქციას არ შეეხებოდა. 

"ჭიათურ- მანგანეზის" თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

„დილის 9 -დან საღამოს 9 საათამდე უნდა იმუშავოო. არა საჭმელი, არა სასმელი. დილას ვერ ჭამ. ძალიან მძიმე პირობებია. ხალხი გამწარებული არის. ხელფასს ითხოვს და შედეგი არ არის . რამდენი ხანია ასე გრძელდება. არანაირი სამედიცინო, არც ბინტი, ელემენტარული სპირტი და მაგნაირები არ გვაქვს. საკაცე არ არის. ადამიანს რამე რომ დაემართოს სკამზე ვსვამთ და ასე გამოგვყავს,“-განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები