25 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
ზუგდიდში პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს მიაღწია - ოპოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს 

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ზუგდიდში პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს მიაღწია. საარჩევნო კომისიის სხდომაზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა დღეს ოლქის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

ოპოზიციის განცხადებით, მირანდა მესხი პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია, არჩევნებამდე ხუთ დღით ადრე არჩევნების გაყალბება დაიწყო, ხელშეუხებლობის გარანტია კი ცესკოს თავმჯდომარისგან, თამარ ჟვანიასგან აქვს, რომელის ნათესავი და შვილის ნათლიაა. 

დაპირისპირების მიზეზი დღეს საოლქო კომისიის სხდომაზე ის ვიდეო მასალა გახდა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ კანონდარღვევების მტკიცებულებად მიიტანა. კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ვიდეოს ნახვა არ სურდათ, რასაც სხდომაზე მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიცია ერთი საათის განმავლობაში ამ მტკიცებულებით ცდილობდა კომისიის წევრების დარწმუნებას, რომ საოლქოს თავმჯდომარემ საარჩევნო ინვენტარი და სიები უბნებზე, არჩევნებამდე 5 დღით ადრე, კანონდარღვევით გასცა.

კადრებით და კომენტარებით ირკვევა, რომ ზოგიერთი საარჩევნო უბნის სიები და ბეჭდები სკოლის დირექტორების საწერ მაგიდებში ინახებოდა. ზოგიერთი უბნის თავმჯდომარემ კი საარჩევნო ინვენტარი საერთოდ სახლში წაიღო. საოლქო კომისიის სხდომაზე დღეს დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი სპეც სიები გახდა. დაპირისპირებამ დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დერეფნებშიც გადაინაცვლა.

ხმაურიანი სხდომის დასასრულს, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბრალდებებს აბსურდი უწოდა. მირანდა მესხი ამტკიცებს, რომ საარჩევნო სამზადისი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს. ხმაურიანი და დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, სწორედ ზუგდიდი იქნება 19 მაისს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის ადგილი. იქ 3 დღეში პოლიტიკური არჩევანი 120 ათასმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები