20 ივლისი 2019,   16:23
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი - 16 წლის მოზარდი პოლიციელებმა სცემეს, აწამეს და მისი გაუპატიურება სცადეს

16 წლის მოზარდი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, პოლიციის განყოფილებაში სცემეს, აწამეს და მისი გაუპატიურება სცადეს. ის პოლიციის განყოფილებაში დილით სკოლის ეზოდან წაიყვანეს, ბრალად ბოლნისში ოქროულობის მაღაზიის ძარცვა ედებოდა. არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა, თუმცა ამბობს, რომ ათამდე პოლიციელი მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდა.

მოზარდის განცხადებით, პოლიციელები ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. სასტიკი მოპყრობის დროს მოზარდს ხელი მოსტყდა და პოლიცია იძულებული გახდა, საავადმყოფოში გადაეყვანა.

ნაცემი მოზარდი საავადმყოფომ მშობლების გარეშე არ მიიღო. ამ გარემოების შემდეგ შეატყობინეს ოჯახს, რომ მათ შვილს სასწრაფოდ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. ოჯახის თქმით, პოლიციამ ფულიც შესთავაზა, რომ მძიმე ბრალდებებზე ღიად არ ესაუბრათ.

ცემისა და წამების ფაქტი, რომელზეც მოზარდი საუბრობს, თებერვალში მოხდა. მან ფაქტიდან მალევე საჯაროდ „კურიერის“ ეთერში დაასახელა იმ სამართალდამცველების გვარები, ვინც მასზე იძალადა. ამის შემდეგ ის ბოლნისის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

მოზარდი დღევანდელი საჯარო განცხადებების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სახლში იმყოფება. მისმა ადვოკატებმა ძალადობის მძიმე ფაქტების გამო პროტესტი გამოთქვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში უწერია, რომ მოზარდი სცემეს და მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობას, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინაა მიცემული.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები