25 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - მეტალურგიული ქარხნის პერსონალი გაიფიცა 

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პერსონალი პროტესტის რეჟიმშია. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ორი საწარმოს მუშები დილიდან გაიფიცნენ და ფოლადის და არმატურის წარმოება შეაჩერეს.

ქარხნის შენობასთან შეკრებილები ხელფასების 50-პროცენტიან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მუშები ამბობენ, რომ გაუფასურებული ლარის და გაზრდილი ფასების ფონზე, მათი შემოსავალი ოჯახების სარჩენად აღარ ჰყოფნით და უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში არიან.

ხმაურიანი პროტესტის შემდეგ მუშებს ქარხნის დირექტორის მოადგილე შეხვდა, თუმცა მუშებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დილით დაწყებულმა პროტესტმა, დღის მეორე ნახევარში ახალი მასშტაბები მიიღო. გაფიცულებს კიდევ ერთი საამქროს თანამშრომლები შეუერთდნენ. მუშებისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად ადგილზე საია-ს წარმომადგენელი მივიდა. გაფიცულებს სოლიდარობა სამოქალაქო აქტივისტებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. როგორ გადაწყდება კრიზისი მეტალურგიულ ქარხანაში უცნობია. 

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი 

 

 

დღის ამბები