25 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
ივანიშვილის რეიტინგის მკვეთრი კლება იმის დადასტურებაა, რომ ისიც გახუნდა - არასაპარლამენტო ოპოზიცია Ipsos-ს კვლევაზე

Ipsos საზოგადოებრივი აზრის კვლევას არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს  და იზიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის კლება მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციური გაერთიანება აუცილებელია.

„იქნება ერთი დიდი ლიდერი ოპოზიციური გაერთიანება, გრიგოლ ვაშაძის, მისი "ნაციონალური მოძრაობის", რომელსაც ეხმარება მიხეილ სააკაშვილი, ეს ფაქტორია გაერთიანებული ოპოზიციის და კიდევ შესაძლოა, რამდენიმე არანაციონალური წარმომავლობის, მეტიც, ძალიან მკვეთრი და კვალიფიციური ოპონენტის შემადგენლობის.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მკვეთრად იკლებს, ეს იმის დადასტურებაა, რომ ისიც გახუნდა. ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ორიენტირი, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ ერთი, არც არის ქვეყანაში, ვერც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და არ არის ერთადერთი და განუმეორებელი ორიენტირი, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპოზიციური საერთო გამარჯვებისთვის. სააკაშვილი ეხმარება ოპოზიციას, სააკაშვილის მხარდამჭერების გარეშე ოპოზიცია ვერ შეცვლის ხელისუფლებას, მარტო სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ვერ შეცვლიან ხელისუფლებას, ამიტომ, ამ ორი რეალობის დადასტურება არის ეს კვლევა,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის საგრძნობი კლება არ გაჰკვირვებია „თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანს, ნინო გოგუაძეს. მისი თქმით, მოსახლეობა მათი პრობლემების სათავეს სწორედ „ოცნების“ ლიდერში ხედავს.

„მთელი ამ პრობლემების სათავეს ხედავენ ბიძინა ივანიშვილში, ეს არის ბუნებრივია და ბუნებრივია ისიც, რომ მის მიმართ ნეგატიური განწყობილება პიკს აღწევს. რაც შეეხება იმას, რომ ელოდება ხალხი, რომ 2020 წელს ოპოზიცია მოვა უმრავლესობით, ესეც არის იმის ნიშანი, რომ ხალხი ელოდება ცვლილებებს და ცვლილებებს უკეთესობისკენ სწორედ ოპოზიციაში ხედავს,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. თუმცა პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ამბობს, რომ გარდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგისა, კვლევაში მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური.

„ოდნავ სკეპტიკურად ვართ განწყობილი, მიუხედავად მიმისა, რომ არასაპარლამენტო პარტიებში პირველ ადგილზე ვართ, ასევე მოწონების რეიტინგი 32%-ია, მაგრამ აქ არის მთავარი ტენდენციები, ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რომ მათ ბელადს უარყოფითი, ნეგატიური რეიტინგი გააჩნია, რომ უმწვავესი სოციალური, ეკონომიკური პრობლემები აწუხებს მოსახლეობას და ეს მთავარია ამ გამოკითხვებში, ანუ ეს ცალსახად წარმოაჩენს იმას, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება,“ - განაცხადა გუგავამ.

Ipsos-მ კვლევა საქართველოს მასშტაბით „რუსთავი 2“-ის დაკვეთით შეასრულა. კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, „იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

დღის ამბები