18 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
"იპსოსის" მიერ ჩატარებულ კვლევას „ოცნება“ უნდობლობას უცხადებს, ოპოზიცია კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ორგანიზაცია "იპსოსის" მიერ ჩატარებულ კვლევას „ქართული ოცნება“ უნდობლობას უცხადებს.

ერთმანეთის მიყოლებით „ოცნების“ ლიდერები და მთავრობის მეთაური “რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას დღეს გაყალბებულს უწოდებდნენ.

ორგანიზაცია "იპსოსი," რომლის გამოკითხვის შედეგებსაც მმართველმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა, მსოფლიო სამეულში შედის და 88 ქვეყანაში ოპერირებს. თავდასხმის სერიის დროს მმართველი პარტიის ლიდერებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ - "იპსოსი" ის ორგანიზაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე მეტად ენდობა.

კვლევამ აჩვენა, რომ ივანიშვილმა წელს ანტირეკორდი მოხსნა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი. ოპოზიციამ კვლევიდან მთავარი დასკვნა გააკეთა, ივანიშვილის პოლიტიკური მატარებელი ბოლო სადგურს უახლოვდება.

უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები კი „ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკურ მომავალს წინასწარმეტყველებენ. „ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მმართველ პარტიას 2020 წლამდე მიღწევა გაუჭირდება და 2019 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ელოდებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის "იპსოსის" შედეგები პირდაპირი გზავნილია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ოპოზიცია გამარჯვებას ვერ შეძლებს.

ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებას ურჩია დაშინებაზე, მოსყიდვაზე და გაყალბებაზე უარი თქვას და კვირას, შუალედური არჩევნები გამჭირვალე და მშვიდ ვითარებაში ჩაატაროს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალადობრივი კამპანიით „ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის დღეებს კიდევ უფრო შეიმცირებს.

დღის ამბები