14 ოქტომბერი 2019,   11:04
ვრცლად
"ოცნება" ოპოზიციას ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნება“ ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი უპრეცედენტო შანტაჟის და დაშინების ფაქტებს უარყოფს და ოპოზიციას ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს.

საგანგებო ბრიფინგი დღეს არჩილ თალაკვაძემ გამართა, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობის არც ერთ ფაქტს ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

თუმცა რატომ არ არის ამ დრომდე დაკავებული არც ერთი პირი, ვინც ძალადობაშია ბრალდებული, ამ შეკითხვაზე თალაკვაძეს პასუხი არ აქვს.

„ყველა სამუშაო მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს კარდაკარ, ჩვენი შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი, გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტივობის შემთხვევაში, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ამიტომ, მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დააფიქსირონ თავისი არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გეგა შენგელიას გამარჯვებას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, სოფო ქაცარავა.

„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვას სიმშვიდე, რადგან მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ შუალედური არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ამისთვის, ყველა კომპეტენტური უწყება არის მობილიზებული,“ - განაცხადა ქაცარავამ.

დღის ამბები