15 დეკემბერი 2019,   14:21
ვრცლად
ზუგდიდში ვითარება უკიდურესად იძაბება - 87-ე საარჩევნო უბანთან სროლის ხმა ისმოდა 

შუალედურ არჩვენებამდე 14 საათი რჩება და ვითარება ზუგდიდში უკიდურესად იძაბება - ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა 87-ე საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში.

გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.

ზოია ქვარცხავა ამბობს, რომ მამაკაცმა მისი გამოჩენისთანავე ჰაერში ისროლა. დამკვირვებელმა იმ ავტომობილის ფოტოსურათის გადაღება მოასწრო, რომლითაც შეირაღებული პირი გადაადგილდებოდა. ფოტოზე კარგად ჩანს ავტომობილის ნომერი.

ერთ-ერთი ვერსიით, იგივე ავტომანქანა ფიგურირებს საოლქო კომისიიდან სიების გატანის საქმეშიც, სავარაუდოდ სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო კომისიის წევრები, როცა მათ სიები უკან დააბრუნეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად მივიდა. 

„ორი მანქანა იდგა ერთმანეთის გვერდით. ერთს გადაკეტილი ჰქონდა გზა. ეჩხიკინებოდნენ იარაღს. შემეშინდა. აწია უცებ და მაღლა გაისროლა იარაღი. სკოლის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი, საარჩევნო უბნის წინ. სკოლაშია ეს საარჩევნო უბანი. შიში კი მქონდა, მაგრამ ამ შიშის ფონზე მაინც გადავიღე ყველაფერი, დავაფიქსირე, სურათიც დაფიქსირებულია. მანქანის ნომრებიც დაფიქსირებულია. ორივეს სახეები ჩანს იმ ფოტოზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს დაშინება იყო, ალბათ, ამას ნიშნავს“ - განაცხადა ზოია ქვარცხავამ.

#87 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ხმა გაიგო, თუმცა ჟანა ყურუას თქმით, არ უფიქრიათ, რომ ეს იარაღის ხმა იყო. 

„ვიყავით მე, ჩემი მდივანი და ერთ-ერთი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვინც ჩვენს კომისიის წევრად არის. გავიგეთ რაღაც ხმა, მაგრამ არ ჩაგვითვლია, რომ ეს იყო იარაღის ხმა. „ხლაპუშკის“ ხმას მივამსგავსე. აღელვებული შემოვარდა ეს ქალბატონი. განაცხადა, რომ სკოლის ეზოს გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა ვიღაც, რომელსაც იარაღი ეჭირა, ჯერ თითქოს, მას დაუმიზნა, შემდეგ ზემოთ გაისროლა,“ - განაცხადა 67 ზუგდიდის ოლქის #87 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჟანა ყურუამ.

დღის ამბები