16 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
შუალედური არჩევნები - არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები, არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მესამე სექტორი განსაკუთრებით იმ საარჩევნო ოლქებს დააკვირდება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს და მოსახლეობას დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღება ზუგდიდზე, მარნეულსა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებზე გაკეთდება. 

“განსაკუთრებული ფოკუსი გვექნება სამ ოლქზე, ეს არის ზუგდიდის, მარნეულის და მთაწმინდის საარჩევნო ოლქები. ჩვენ, საერთო ჯამში, დაახლოებით 250 კაციანი მისიით ვიქნებით წარმოდგენილი, 250-მდე დამკვირვებელი, რომელიც გადანაწილებული იქნება ამ სხვადასხვა უბნებზე და ოლქებზე. ყველა საარჩევნო უბანზე ვიქნებით წარმოდგენილი ზუგდიდში, მარნეულში და მთაწმინდის ოლქში და ამ სამივე ოლქში განვახორციელებთ ხმების პარალელურ დათვლას,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არჩევნებს დააკვირდებიან "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრებიც. ვახუშტი მენაბდის თქმით, დამკვირვებლები სხვადასხვა უბანზე არიან გადანაწილებულები და ყველა შესაძლო დარღვევას აღრიცხავენ.

„განსაკუთრებულ ყურადღება გავამახვილეთ ზუგდიდზე, მთაწმინდაზე და მარნეულზე. ზუგდიდში აკვირდება 20-მდე ჩვენი წარმომადგენელი, დაახლოებით ამდენივე, ცოტა ნაკლები იქნება მარნეულში და იგივე რაოდენობას ჩვენ გამოვიყენებთ მთაწმინდაზე,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

არჩევნებთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოც.“

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება, ამომრჩეველს და ზოგადად ყველა ჩართულ მხარეს მივაწოდოთ ჩვენი დაკვირვების შედეგების შესახებ,“ - განაცხადა "მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა.

არჩევნების მიმდინარეობას აქტიურად აკვირდება ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრიც.“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი აქცენტი მარნეულზე გაკეთდება.

„აქტიურად ვაკვირდებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა უბანს. უფრო მეტი აქცენტი გვაქვს გაკეთებული მარნეულის ქალაქზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი აქტივობა აქ არის ფიქსირებული“ - განაცხადა მარი ბენდელიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები