შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. გახარიამ ხმა მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო უბანზე მისცა.
„როდესაც მხოლოდ მთაწმინდაზე აძლევ ხმას, განსაკუთრებით ითვალისწინებ ამ უბნის ინტერესებს. აქედან გამომდინარე მივეცი ხმა. შსს და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად მათი განლაგებისა რომელ მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შსს. მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა რომელიც შეიძლება იყოს. იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შსს აფიქსირებს საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება ზუგდიდს დიახ, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ ყველა ის შემთხვევა რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ უბრალო სამართალდარღვევები იქნება პოლიციის და შსს-ს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა და აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე როგრც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც როდესაც მოხდა გასროლა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. მე როგორც ვიცი ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა სანამ შსს არ გაერკვევა ბოლომდე დეტალურად რა მოხდა რა თქმა უნდა ეს პიროვნება როგორც ვიცი არ დაკავდება,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით არასწორი შეფასებაა ის, რომ ზუგდიდში სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მისი თქმით ადგილზე იმყოფება ძალიან ბევრი დამკვირვებელი და ამაზე საპასუხოდ იმყოფება ადგილზე შესაბამისი რაოდენობის პოლიციელიც.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო. პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.