19 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
"გარეთ რომ გამოვედით, შემაგინა, მერე მეც დავუბრუნე პასუხი" - სადახლოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო 

მარნეულში, სადაც დღეს მერს ირჩევენ, დიდი ოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

სადახლოში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი კანონდარღვევის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მარნეულის ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე, საკრებულოს დეპუტატი ხმის მიცემის პროცედურას პირადად აკვირდებოდა.

ინციდენტის შემდეგ, ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„აქ იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი, როშა ნისკანდაროვი. აქ ხმას არ აძლევდა და ვკითხე, რატომ იდგა და აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს. გარეთ რომ გამოვედით, შემაგინა, მერე მეც დავუბრუნე პასუხი. ამ დროს დამიწყო ყვირილი და ბოლოს დამარტყა. ეს ინციდენტი მოხდა სადახლოს 31-ე საარჩევნო უნის წინ,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

რაც შეეხება მარნეულში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, სერიოზული ტიპის დარღვევა, ამ დროისთვის, არ დაფიქსირებულა. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მარნეულში, 90-ე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

„მარნეულის საარჩევნო ოლქში, დილის 07:00 საათზე გაიხსნა 90-ვე უბანი. წილის ყრის პროცედურები ჩატარდა კანონის სრული დაცვით და 08:00 საათზე ყველა უბანზე დაიწყო კენჭისყრა და პირველმა ამომრჩეველებმა ხმა მისცეს უკვე ყველა უბანზე თითქმის. სუ, არის 99 ათას 717 ამომრჩეველი და 90 უბანი,“ - განაცხადა #22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ.

 

დღის ამბები